აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და USAID -ის პროექტ „ZRDA"-ს ერთობლივი საგრანტო პროექტი დაიწყო

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების  განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ZRDA"-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის მარტივი ტიპის სასათბურე წარმოების განვითარების საგრანტო პროექტის ერთობლივად განხორციელება დაიწყო. პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სამიზნე სოფლებში შამგონაში, რუხში, კოკში, ჩხორიაში, ორსანტიაში, ახალ აბასთუმანში, განმუხურში, რიყეში, დარჩელში, ანაკლიაში, ცაიშში, მუჟავაში, ფახულანში, ლიაში, ჭალესა და ჯვარში მიმდინარეობს.

ქალაქ ზუგდიდში პროექტ „ZRDA"-ს ოფისში დაინტერესებულ ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის  რეჟიმში მიმდინარეობდა და დევნილებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. ბენეფიციარებს  საგრანტო განაცხადის აპლიკაციები და განმარტებითი ბარათები დაურიგდათ.

შეხვედრაში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და პროექტ „ZRDA"-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მენეჯერი ედუარდ შერმადინი მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებზე მრავალწლიანი იჯარით 230კვ.მ ან 460კვ.მ კონსტრუქციებს გასცემს, ხოლო პროექტი „ZRDA" სათბურების მოწყობისათვის საჭირო პაკეტებს 100%-ით დააფინანსებს, რომელშიც შედის სასათბურე ფირი, ცელოფნის დამჭერი პროფილები, წვეთოვანი და ფერტიგაციის სისტემები.

პროექტით დაინტერესებულმა სამიზნე სოფლებში მცხოვრებმა დევნილებმა უნდა წარმოადგინონ საგრანტო განაცხადები 2016 წლის 26 აგვისტოს 17:00 საათამდე პროექტ „ZRDA"-ს ოფისში, მისამართი: ქ. ზუგდიდი, ლაღიძის #3.