აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია სენაკში სტიქიით დაზარალებულ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სენაკის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

„სენაკის სამხედრო დასახლებაში სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული სახლების აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს თვალყურს ადევნებენ  გუბერნატორი, ადგილობრივი ხელმძღვანელობა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო. დაზიანებულია 3 კორპუსი, რომლებსაც სტიქიამ სახურავი გადახადა, ამათგან უკვე გადახურულია 2. დარჩენილია ტექნიკური დეტალები, რომლის შემდეგაც, დაახლოებით 10 დღეში, ეს ორი კორპუსი დასრულდება. მესამე კორპუსი ნახევრად გადახურულია, ისიც რამდენიმე ხანში დასრულდება, შემდეგ კი გეგმიურად წარიმართება დანარჩენი სამუშაოები, რომელიც კორპუსების სრულყოფილი აღდგენისთვისაა გათვალისწინებული.

ამ სამუშაოების გამხორციელებისთვის სერიოზული სახსრები გამოყო დევნილთა და განსახლების სამინისტრომ. გადაწყდება მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი, სადრენაჟო სისტემის მოწესრიგება. წლების მანძილზე ამ სახლების სარდაფებს წყალი აქვს შეყენებული, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის შენობებს და მოსახლეობას. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან საფუძვლიანად კეთდება ყველაფერი.

მახარებს ის, რომ სამხედრო დასახლების მცხოვრებლები კმაყოფილები არიან შესრულებული სამუშაოების ხარისხით. რამდენიმე ხანში შეიცვლება  ვითარება, აღმოიფხვრება სტიქიით მიყენებული ზარალი და მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხოდ და ადრინდელთან შედარებით უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.