აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „სფუმატო“ გაიხსნა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითმა კავშირმა, საერთაშორისო ლაბორტორია „CYLAND"-მა და არტცენტრმა „ПУШКИНСКАЯ-10" თანამედროვე ხელოვნების გამოფენა - „სფუმატო" წარმოადგინა.

მედია არტ ლაბორატორია „CYLAND" არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც გააერთიანა მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები მთელი მსოფლიოდან. „CYLAND"-მა „სფუმატო"-ს გამოფენაზე წარმოადგინა ელენა გუბანოვას, ივან გოვორკოვის, ალექსანდრა დემენტევას, ლუდმილა ბელოვას, ანნა ფრანცის, ალექსანდრ ტერებენინის, ალექსანდრ შიშკინ-ხოკუსაის, სერგეი კომაროვის და ალექსეი გრაჩოვის ინსტალაციები.

არტ-ცენტრმა „ПУШКИНСКАЯ-10" ექსპოზიციაზე ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები წარმოადგინა, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებენ  ფოტოგრაფიის ანალოგურ და ციფრულ შესაძლებლობებში. ფოტოგრაფია, როგორც რეალობის ფიქსაცია ფიზიკური და ქიმიური პროცესების დახმარებით ახდენს რეალობის ტრანსფორმაციას და ჩვენს თვალწინ ირაციონალური, პარალელური სივრცე წარმოიშვება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანდრეი ჩეჟინის, ბორის სმელოვის, ალექსანდრე რეცის, ალექსანდრე სოკოლოვის, სერგეი ფალინის, სერგეი კოვალსკის, ანდრეი (ვილი) უსოვის ნამუშევრები.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვანი ადამიანები ესწრებოდნენ.