აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

წყნეთში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. ამ დღეების განამავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს  ოჯახის ექიმის, ქირურგის, პედიატრის, დერმატოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და ოტოლარინგოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასინოსკოპიური გამოკვლევები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.