აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის, ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

მთაწმინდის პანთეონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა და სტუდენტებმა გვირგვინით შეამკეს ილია ვეკუას საფლავი. შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. ღონისძიება გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. სხდომას უძრვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. ღონისძიებაზე დამწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსგნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯაიანი, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი გურამ ბოკუჩავა, აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „აფხაზეთის" ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია. ღონისძიებაზე აგრეთვე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი - „აკადემიკოს ვეკუას პორტრეტი" და მუსიკალური ნომრებით წარსდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლებმაც ქართულ და აფხაზურ ენებზე შეასრულეს სიმღერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დაწესდება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აკადემიკოსები, მეცნიერები, პროფესორები, საზოგადო მოღვაწეები, ნათესავები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ილია ვეკუა 1907 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა. ზუგდიდის საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გაააგრძელა სწავლა.

უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებისთანავე, ნიკო მუსხელიშვილის რეკომენდაციით, ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადის უნივერსიტეტში გაემგზავრა. 1933 წელს იგი თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1944 წელს ილია ვეკუა აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს - ნამდვილ წევრად და სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1958 წლიდან იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1959 წელს ილია ვეკუა ახლადდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა.

1964 წელს ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა და ორჯერ ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა.

1972 წლის მაისში ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.