აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა აჭარასა და სამეგრელოში საიუბილეო ტურნე გამართა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დასავლეთ საქართველოს ტურნეს დასკვნითი კონცერტი ზუგდიდში გამართა. წარმოდგენილი იყო უძველესი და თანამედროვე ქართულ-აფხაზური ფოლკლორისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშები. სახელმწიფო ანსამბლთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი. ტურნეს ფარგლებში, ანსამბლის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტები საქართველოს სამ ქალაქში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ჩატარდა.

გამართულ ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ქალაქ ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარაში მცხოვრები აფხაზების შთამომავლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.