აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით „ვიკი-ბანაკი“ გაიმართა

დაბა წყნეთში ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით, „ვიკი-ბანაკი" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემებზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს" და „აფხაზური დამწერლობის განვითარების ეტაპები".

ლექციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კუტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბეჟან ხორავა და  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი თეა ქართველიშვილი კითხულობდნენ. მსმენელებმა მოისმინეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ელექტრონული ფორმით მიაწოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებული ინფორმაცია აფხაზურ ენაზე.

ვიკი-ბანაკის ფარგლებში ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ბავშვებმა აფხაზურ ვიკიპედიაში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ 18 სტატია, ხოლო  ქართულ ვიკიპედიაში კი აფხაზეთის ხელნაწერების შესახებ 11 სტატია შექმნეს. ქართულ და აფხაზურ ვიკიპედიებში სტატიების დაწერას სურამის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ვიკიპედიის რედაქტორი ჯაბა ლაბაძე და ვიკიპედიის რედაქტორი მიხეილ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდნენ.

ვიკი-ბანაკის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიება წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის №2 საჯარო სკოლაშიც განხორციელდა, რომლის დროსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია  ქართულ და ინგლისურ ენებზე აიტვირთა.