აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გიორგი ბარამია და სანდრა რულოვსი დევნილი ბავშვებისათვის გამართულ საახალწლო ზეიმს დაესწრნენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და საქართველოს პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად, დევნილი ბავშვებისათვის გამართულ საახალწლო ზეიმს დაესწრნენ.

ღონისძიება, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, აფხაზეთიდან დევნილი 1000-მდე მოზარდისთვის გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს პირველმა ლედიმ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და  საჩუქრები გადასცეს. 

"დღევანდელი საღამო გიორგი ბარამიასა და მისი მეუღლის, ქეთევან კაჭარავას ინიციატივით ჩატარდა. მეც მომიწვიეს  ღონისძიებაზე ჩემს უმცროს შვილთან, ნიკუშასთან ერთად. აქ ათასამდე დევნილი ბავშვია შეკრებილი და ყველას  საჩუქრები ელოდება. მივესალმები ბავშვებს და  მათ  დამდეგ ახალ წელს ვულოცავ,"- განუცხადა ჟურნალისტებს სანდრა ელისაბედ რულოვსმა.

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა" მსახიობებმა  საახალწლო ზღაპარი „ახალი წელი მზიანეთში" წარმოადგინეს. საახალწლო ზეიმში ანსამბლი „აფხაზეთი" და აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებიც მონაწილეობდნენ.