აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მწერალ ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მწერლისა და პუბლიცისტის ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ცაიალა არდაშელია არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რევაზ ინანიშვილისა და დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიების, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატი.

გამოცემული აქვს რამდენიმე მხატვრული და პუბლიცისტური წიგნი, მათ შორის ორი მითოსური რომანი: „იათნანელი ამორძალები“ და „ჟამი მოვალს“; პიესა - „სიყვარული სიკვდილის შემდეგ“ („შენი რაშები ჭიხვინებენ, აქილევს!“); პუბლიცისტური წერილებისა და ისტორიულ-მხატვრული ნარკვევების კრებულები: „უძლური ჭირისუფალი“, „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“, „საუნჯე სათნოებისა“, „ყვირილი გვამრთებს დღისით, მზისით“, „ვინ იყო ქვათა ამათა მკვეთი“, „მოდი-ნახეს“ მეციხოვნენი“, „საყრდენი“ და სხვ.

 

შემოქმედებითი საღამო გახსნა და მწერალს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. საღამოს უძღვებოდა პოეტი ლია ნაროუშვილი.

ციალა არდაშელიას წლების განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და ღვაწლზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და მწერალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

ციალა არდაშელიას შემოქმედება ვრცლად მიმოიხილა კრიტიკოსმა ეკა ჩილაჩავამ. მწერალს ასევე მიესალმნენ კოლეგები და ახლობელ-მეგობრები, მკითხველები: ერეკლე საღლიანი, თაკო ჩარკვიანი, აკაკი გასვიანი, თემურ ქორიძე, დავით ბახტაძე და სხვ. მსახიობმა ელდინო საღარაძემ ციალა არდაშელიას რომანიდან „იათნანელი ამორძალები“ ამონარიდები წაიკითხა. 

საღამოს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები.