აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საზოგადოებას 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თავისავე სააქტო დარბაზში 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.


ანგარიშის წარდგენას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე - განათლება, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სპორტი და ა. შ. - განხორციელებულ პროექტებსა თუ პროგრამებზე დამსწრეთა წინაშე ანგარიშით წარსდგა მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობასა და მათ საერთაშორისო აღიარებებზე ისაუბრა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ. მანვე წარადგინა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა (დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე), რომელთა მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა დარბაზის მქუხარე ოვაციები გამოიწვია. გარდა ამისა, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ ნაწყვეტი სპექტაკლიდან „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“ და აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურენოვანი სპექტაკლი წარმოადგინეს.