აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ძვირფასო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებულად ვულოცავ ამ დღეს აფხაზეთის საჯარო და გალის ოკუპირებული ზონის სკოლების მოსწავლეებს, ამ სკოლების კურსდამთავრებულ სტუდენტებს!

გისურვებთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელი ყოფილიყოს განსაკუთრებული წარმატებებისა და სიახლეების მომტანი, შემოქმედებითად გამორჩეული თითოეული თქვენგანისათვის! ერთად და ურთიერთთანადგომით გადაგველახოს ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც თქვენსა და, შესაბამისად, ჩვენს წინაშე დგას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მინდა გამოვყო გალის ოკუპირებული ზონის სკოლები, რომლებიც მიუხედავად უდიდესი ბარიერებისა, ღირსეულ მამულიშვილებს და სულიერად ძლიერ ახალგაზრდებს უზრდიან ქვეყანას. ამის დასტური იყო წლევანდელი ეროვნული გამოცდების წინა პერიოდიც, როცა გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ, ოკუპანტების წაქეზებით, ენგურის ხიდი მიზანმიმართულად ჩაკეტა და გალელ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევდა.

ის საოცარი შემართება და სწრაფვა ქართული საგანმანათლებლო სივრცისკენ, რაც მაშინ გალელმა აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა გამოიჩინეს, გვაიმედებს, რომ მოდის თაობა, რომელიც მაგალითის მიმცემია როგორც აფხაზეთის, ისე მთელი დანარჩენი საქართველოს ახალგაზრდებისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ერთობლივი ნაყოფიერი საქმიანობით, ბევრად უფრო მეტი წარმატებებით გაგვეტარებინოს ეს სასწავლო წელი!

როლანდ ნიჟარაძე,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და კულტურის მინისტრი