აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ძეგლები - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე

ქ. თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობები, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი“ და კომპანია „არ-ემ-ჯი“. მათი წარმომადგენლების განცხადებით, ფორუმი მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ფორუმზე 9 თვიანი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ასევე, საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები: დაცული ტერიტორიების შესახებ და სხვ.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სანახაობრივი და გასართობი პროგრამები, ტრადიციული რეწვისა და აგროსამეწარმეო პროდუქტები, ეთნოგრაფიული მასალები. ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბის“ ორგანიზებით ფორუმზე ცალკე საექსპოზიციო სივრცე ეთმობოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არტეფაქტების ამსახველ მასალას. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიასა და დღევანდელობაზე ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი პატაშურმა,  შერმადინ შარიამ და  თეკლა გაწერელიამ.

ფორუმს სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო საქმის მესვეურებს ყველა დონეზე აქტიურ მხარდაჭერას შეჰპირდა.

ფორუმს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, რომელმაც განაცხადა: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა სრულიად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს ძეგლები დღეს ოკუპირებულია, ჩვენთვის მიუწვდომელი და ძალიან საშურია, რომ მათი ისტორია და დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, განუწყვეტლივ შევახსენოთ საზოგადოებას შინ თუ გარეთ. ამიტომაც განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ფორუმზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მასალა. აქ ითქვა, რომ ფორუმი ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. შესაბამისად, ვისურვებდი, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობაც ყოველ ფორუმზე განსხვავებული რაკურსითა და მასშტაბით იყოს წარმოდგენილი, ხოლო ამ პროცესში ჩვენი სამინისტრო სიამოვნებით ჩაერთვებოდა“.