აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით, მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეულის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის ბაღში კონცერტი გაიმართა. მშვიდობის საერთაშორისო დღედ 21 სექტემბერი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაწესდა.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირი „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული გოგონათა ფოლკლორულ-ვოკალური ინსტრუმენტალური ანსამბლი „გუმბათი“, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის აღსაზრდელები, დიდუბის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრები, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის აღსაზრდელები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები და სხვ.

დამსწრეთ მშვიდობის საერთაშორისო დღე მიულოცეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ირმა კეკელიძემ, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ, მრავალშვილიანმა აფხაზმა დედამ ზაირა შანბამ და სხვ. საღამოს უძღვებოდნენ სამინისტროს თანამშრომლები: ნონა ბერაია და შალვა ბერიანიძე.

კონცერტის ბოლოს მონაწილეებმა ცაში, სამშვიდობო გზავნილებით, საჰაერო ბუშტები გაუშვეს.

ამასთანავე, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში მშვიდობის გაკვეთილები, ლექციები და თემატური საღამოები გაიმართა.