აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

წარმომადგენლობა სამუსაო ვიზიტით აჭარის რეგიონში იმყოფებოდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და წარმომადგენლობის თანამშრომლები თეიმურაზ წულაია, ლაშა გადილია და ნანა ჭანტურია აჭარაში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში ("ბენზეს" დასახლება, ხახულის ქუჩაზე მდებარე ტექსკოლა) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.  

წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობის, აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო  და სხვა პროგრამების შესახებ.  შეხვედრაზე    ხახულის ქუჩისა და "ბენზეს" დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა ორი პრობლემა წამოჭრეს. კერძოდ, ხახულის ქუჩაზე შენობის სარდაფი სადრენაჟე სისტემის არარსებობის გამო წყლითაა სავსე. მიუხედავად წარმომადგენლობის ჩართულობით ერთხელ წყლის ამოტუმბვისა, სარდაფი წვიმის წყლებით კვლავ ივსება. ასევე, "ბენზეს" დასახლებაში 22-ე კორპუსის სარდაფი წყლითაა სავსე, თუმცა ამ შემთხვევაში, გაურკვეველია წყლი წარმოქმნის მიზეზი. სავარაუდოდ, გამოწვეული უნდა იყოს მოსახლეობის წყალსაკანალიზაციო სისტემიდან გაჟონილი წყლებით. ასევე, ორივე დასახლებაში დგას რამდენიმე ბინის დაკანონების პრობლემა. ბ. ჭანტურიამ მოსახლეობას განუცხადა, რომ აღნიშნულ პრობლემებს დააყენებს ადგილობრივი და ზემდგომი სტრუქურების წინაშე და აქტიურად ჩაერთვება მათი მოგვარების საქმეში.

წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც  მითითებულია  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური  ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში  დახმარების გასაწევად.

შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც  და  დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.