აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ჭუბერსა და მესტიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჭუბერსა და მესტიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სათანადო რეკომენდაციები გაიცა. ასევე, მოსახლეობას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა.

სამედიცინო აქციაში საქართველოს წამყვანი კლინიკების სპეციალისტები მონაწილეობდნენ. იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციების პარალელურად ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. პროგრამის ფარგლებში, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

ჭუბერსა და მესტიაში იმყოფებოდნენ და სამედიცინო აქციის პარალელურად მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია.