აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძის გამოხმაურება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

„2020 წლის 5 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი.

ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ირლანდიის და ნორვეგიის წარმომადგენლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება.

აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ძალის განთავსება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. აღნიშნული ქმედებები, ერთმანეთისგან უფრო აშორებს კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს, აფერხებს შერიგების პროცესს და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

განცხადებაში ასევე გამოთქმულია უკიდურესი შეშფოთება ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის გამო;

ასევე მნიშვნელოვანია, რომ განცხადებაში გამოხატულია მხარდაჭერა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობისადმი, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და საკუთარ სახლებში მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლების განხორციელებისადმი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

აფხაზეთის მთავრობის სახელით მივესალმები გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებას და მიგვაჩნია რომ აქტიური საერთაშორისო ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ქვეყნის დეოკუპაციისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ღირსეული და უპირობო დაბრუნების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.