აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“ მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გაიმართა და მასში ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირები და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია ორ სესიად ჩატარდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. მონაწილეებმა შეაფასეს რუსეთ-საქართველოს ომის გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, ასევე იმსჯელეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

კონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, აშშ-ის კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი, ევროპარლამენტის წევრი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ალიანსი 90/მწვანეების წევრი მანუელ სარაცინი, აშშ-ის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის პროგრამის დირექტორი ჰეზერ კონლი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უსაფრთხოების საერთაშორისო კვლევების დირექტორი ნილ მელვინი, საფრანგეთის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის პოლიტიკური კვლევის ცენტრის გენერალური მდივანი, „ევრაზია პერსპექტივის“ დამფუძნებელი ფლორან პარმანტიე, გერმანიის კორბერის ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დირექტორი ლიანა ფიქსი, „ახალი ევროპელების“ დირექტორი, „რუსეთის მონიტორის“ მთავარი რედაქტორი ოლივიე ვედრინი მონაწილეობდნენ.