აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წიგნის ,,საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის მეომართა კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წიგნის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო დაღუპული მეომრების ხსოვნას. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და წიგნის „საქართველოსთვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, გენერალმა დავით გულუამ და წიგნის მთავარმა რედაქტორმა ირმა ირემაძემ.

ექვსასგვერდიანი წიგნი-კრებული 1992-1993 წლებში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული იმ 1 200 გმირის ცალკეულ ისტორიებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსში, აფხაზეთის გარნიზონებსა და მათში შემავალ შენაერთებში ირიცხებოდნენ. წიგნი-კრებული ერთგვარი ენციკლოპედიური ცნობარია სამშობლოს ერთიანობას, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას უანგაროდ შეწირული ეროვნული გმირების და რიგითი ჯარისკაცების შესახებ.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აფხაზეთის ხელისუფლების, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები ეწსრებოდნენ.

ღონისძიებაში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ მონაწილეობდა. პრეზენტაციის ბოლოს ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.