აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის განცხადება

შეშფოთებას გამოვთქვამ იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, თავმჯდომარისა და ხალხის ნდობის მანდატით აღჭურვილ დეპუტატებს შორის საჯარო განხეთქილების ფონზე, სურს ჩირქი მოსცხოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრისა და მისი თანამოაზრეების ქმედებებს და ისინი საქმეში ჩაუხედავებად მონათლოს.

მივესალმები აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებას, რომ „ოთახების განკარგვის უფლება აქვს მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელებს“. განცხადებაში მითითებული ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სარგებლობის უფლებით გადმოცემულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსათვის არსებობის ვადით. შესაბამისად, გაუგებარია, რომელ ხელმძღვანელობას გულისხმობს ფართების გადანაწილებაზე უფლებამოსილად ბატონი თავმჯდომარე.

„ქალბატონი მინისტრის განცხადებები და ცალკეული პასაჟები“ მიუთითებს მხოლოდ ერთ დეტალზე - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ იქნეს დაცული კანონი და თავი შეიკავონ მუდმივი ზეწოლისა და მუქარებისაგან.

მაშინ, როდესაც საქართველო დემოკრატიული განვითარების რეალურ გზაზე დგას, როდესაც ხელისუფლების პრიორიტეტები განსაზღვრული და გარანტირებულია, არ შეიძლება მოწონებულ იქნეს, როგორც შიდა უწყებრივი, ასევე, უწყებათაშორისი განხეთქილება, რადგან ნებისმიერი არასწორი და არაკონსტიტუციური ნაბიჯი საზოგადოების უნდობლობას ბადებს.

გიდასტურებთ, რომ მივესალმები კოალიცია „ქართული ოცნება-ერთიანი საქართველოს“ შექმნას და იმედს ვიტოვებ, რომ კოალიცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მისი სრული დაცვით იქნა ჩამოყალიბებული და ემსახურება იმ მიზნებისა და ამოცანების რეალურ განხორციელებას, რასაც ემსახურება კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი
ნანა შეროზია
თბილისი, 2013 წლის 31 მაისი