აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ეროვნულ მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის „ფერები აფხაზეთიდან“ გახსნას დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი 29 მხატვრის 57 ფერწერული ნამუშევარი.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენა საქართველოს პარლამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“ გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკურ, საკუთრების, მშობლიურ (ქართულ) ენაზე განათლების მიღების უფლებებზე. ასევე, კონფერენციის თემები იყო უკანონო დაკავებები და გადაადგილების თავისუფლება, რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ადამიანის უფლებების დარღვევის ტენდენციები, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.
კონფერენცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ შესაბამისი ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდის, მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურების, ადამიანის უფლებათა დაცვის და ნდობის აღდგენის პროცესში დევნილ ქალთა როლის გაძლიერებისა და ინტეგრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით გაიმართა.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი 4 წევრის შერჩევა მიმდინარეობს. წევრების შერჩევა არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან მოხდება.
კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა.
კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები და უნდა არსებობდეს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №42) ან/და მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@abkhazia.gov.ge (mailto: info@abkhazia.gov.ge) აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“ წარმოადგინა. სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით დაიდგა და მასში ცნობილი ქართველი მსახიობები მონაწილეობდნენ.
სპექტაკლის ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
დღეს, 23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთაწმინდის პარკში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ციფრული მუზეუმის სივრცეში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იმერსიული პროექციის ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალური ფოტოები.
პარკის ტერიტორიაზე გაიმართა ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, სადაც გამოტანილი იყო საზოგადო მოღვაწეების ილია ჭავჭავაძის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ნინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილის, გიგა ლორთქიფანიძის, ნოდარ დუმბაძის, მერაბ კოსტავას, ილია ვეკუას, რეზო თაბუკაშვილის, მედეა ჯაფარიძის აფხაზეთში გადაღებული დღემდე უცნობი და უნიკალური კადრები საოჯახო ფოტოალბომებიდან.
ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი კალიგრაფის ნამუშევრები, ასევე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო და ფოტო მასალა „აფხაზეთი - ხელნაწერ მემკვიდრეობაში“. პარკის ღია სივრცეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დღის ბოლოს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.
23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა. 2014 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, „აფხაზეთობას“ ყოველწლიურად სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს.
მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა.
პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.
23 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა.
პარკის ტერიტორიაზე, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ (მეორე ნაწილი) მოეწყო. „კადრები აფხაზეთიდან“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტოს ტრადიციული პროექტია, რომელიც „აფხაზეთის დღეს“ ეძღვნება.
შარშანდელ „კადრებზე“ ომამდელი აფხაზეთის ულამაზესი პეიზაჟები იყო აღბეჭდილი, წლევანდელი კი გამოჩენილი ადამიანების აფხაზეთში გადაღებულ დღემდე უცნობ ფოტოებს აერთიანებს. მათ შორის არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ილია ჭავჭავაძე, ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი, მერაბ კოსტავა, ილია ვეკუა, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე და სხვ.
გამოყენებული ფოტოები საქართველოს ეროვნული არქივიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ლიტერატურის მუზეუმის არქივებიდან და კერძო კოლექციებიდანაა მოწოდებული.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები და დევნილობაში მყოფი მოქალაქეების განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე იმსჯელეს.
გაერთიანებულ სხდომაზე აფხაზეთის მთავრობის სისტემაში შემავალ სკოლებში განათლებისა და ინფრაქსტრუქტურული მდგომარეობის შესახებ მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია.
სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი დახურულ ფორმატში წარიმართა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.
სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ენის პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად, გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობის ძირითად მიმართულებებზე - ინსტიტუციურ განვითარებაზე, დევნილთა უფლებებსა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო მთავრობის სოციალურ ეკონომიკურ პრიორიტეტებს ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის, სოციალური უზრუნველყოფის და სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებებით. ისაუბრა ასევე იმ პროგრამებზე, რომელთა დაფინასება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორციელდება.
რუსლან აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა COVID-19 პანდემიის პირობებში დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე. განსაკუთრებულად აღნიშნა ვაქცინაციის კამპანიაში აფხაზეთის მთავრობის აქტიური მონაწილეობა დევნილ მოსახლეობაში იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს შეკითხვებს უპასუხა.
ქ. სენაკში, აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის ახლად გარემონტებულ სპორტულ დარბაზში აფხაზეთის რეგიონული სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა ფრენბურთსა და კალათბურთში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების გუნდებს შორის.
შეჯიბრებები კალათბურთში ოკუპირებული გალის ერთ-ერთი საშუალო სკოლის გუნდის, ხოლო ფრენბურთში - აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა.
ოლიმპიადის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს ფორმები, სიგელები და მედლები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ლობჟანიძემ, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა ხათუნა შონიამ და აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის დირექტორმა ელისო სიჭინავამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო.
ღონისძიება „პედიატრი გირჩევთ” ბუნებრივი კვების ხელშეწყობას, ლაქტაციის დროს დედის კვებას და 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წასაკითხად რეკომენდირებულ წიგნებს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე ახალი საინფორმაციო ბროშურა წარადგინეს, სადაც საუბარია ძუძუთი კვების ხელშეწყობასა და ლაქტაციის დროს დედის კვებაზე. გამოცემის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ძუძუთი კვების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ასევე მოეწყო 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული წიგნების გამოფენა.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
ცნობიერების ამაღლების კამპაანიის ფარგლებში, საჯარო მოხელეებისთვის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი ახორციელებს პროგრამას „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში.“
პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.
„ერთთვიანი სალექციო კურსის განმავლობაში, მონაწილეები მიიღებენ ევროკავშირის შესახებ სტრუქტურიზებულ, პრაქტიკულ მიდგომებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდაჭერის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო “- აღნიშნა ნანა გაბელიამ.
აღნიშნულ პროგრამას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონულ წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს.
პროექტის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში კაპელის წევრის, სოფია კვიციანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.
კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და სოფიას გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის საგუნდო კაპელის მომღერალი სოფია კვიციანი საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა კი მის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე სრულად გადაირიცხება.
დახმარების მსურველებს კვლავაც შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE70TB5991745063622471; მიმღები - სოფია კვიციანი
დანიშნულებაში მიუთითეთ "სოფოს მეგობრები", ქვითრის ასლი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Buuuk@yahoo.