აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის კიდევ ერთ საჯარო სკოლას ახალი შენობა ექნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას, სარგებლობის უფლებით, უვადოდ გადაეცა ქალაქ ზუგდიდში, გორის ქუჩა №4-ში მდებარე 9284 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

მიწის ამ ნაკვეთზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, აფხაზეთის №11 საჯარო სკოლისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა აიგება.

აფხაზეთიდან დევნილობის 30 წლის თავზე ეს უკვე აფხაზეთის საჯარო სკოლებისთვის აშენებული მეორე შენობა იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთი ახალი შენობა ჩხოროწყუში, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლისთვის ევროპის ბანკის დაფინანსებით აშენდება.

გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სარგებლობის უფლებით, უვადოდ გადასცა ქ. ზუგდიდში, იმავე მისამართზე მდებარე 6816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მიწის ამ ნაკვეთზე კი აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აშენდება პროფესიული სასწავლებელი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სხვადასხვა პროფესიას დაეუფლებიან.