აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2023 წლის „აფხაზეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა. ჩემპიონატში „ეტალონის“ პირველ შესარჩევ ეტაპში გამარჯვებული აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატის გამარჯვებული აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლიზი გორდულაძე (67 ქულა) გახდა. მან ამ გამარჯვებით 2023 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მე-2 და მე-3 ადგილები ასევე აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეეებმა - ლუკა თოლორდავამ (65 ქულა) და ბაკურ ყალიჩავამ (61 ქულა) დაიკავეს.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ათეულში გასულ მოსწავლეებს სამინისტროს სიგელები, ხოლო ყველა მონაწილეს „ეტალონის“ დიპლომები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა.