აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ახალგაზრდული ინიციატივების საპროექტო განაცხადებს არაუმეტეს 20 000 ლარის ფარგლებში დააფინანსებს.
აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობასა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.
დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებებით:
ა) ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარებისა და პრაქტიკული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები, დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებრივ, სამოქალაქო და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა;
დ) ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;
ე) ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების ხელშეწყობა;
ვ) ახალგაზრდების თანამშრომლობისა და მონაწილეობისათვის ერთობლივი და მონაწილეობითი პლატფორმებისა და სერვისების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა.
დაფინანსების მიმღებები არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (ა(ა)იპ) და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ), რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ახალგაზრდულ საკითხებთან.
საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე. ელექტრონულად განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.