აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუხში ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და კონცერტი გაიმართა

ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და კონცერტი ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში მდებარე სავაჭრო ცენტრში, ფესტივალის „გზა ერთობისკენ-რუხი 2018“-ის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით შედგა.

ფოტოგამოფენა ქართველებისა და აფხაზების მეგობრობის დასტურად გამართული სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს წარმოადგენდა. რუხის სახალხო ზეიმი 1979 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ აქ, დღევანდელი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართებოდა.

რუხის სავაჭრო ცენტრში გამოფენის ფონზე კონცერტი გამართეს აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „თსუ - გორდელამ“. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ დამსწრეთ ახალი პროგრამა - „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად“ შესთავაზა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლის“ დირექტორი დავით მაჭავარიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „Check in Georgia“-ისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.