აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

„აფხაზეთის დღეები“ ნიდერლანდების სამეფოში

4-6 ოქტომბერს ნიდრლანდების სამეფოში „ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, „აფხაზეთის დღეები“ გაიხნა. 


პროექტის გახსნა სლოგანით „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ საქართველოს საელჩოში გაიმართა. დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ. ამ დღეების მნიშვნელობასა და აფხაზურ მხარესთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებზე ისაუბრეს პროექტის იდეის ავტორმა ლალი ბუთბაიამ, “ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, მწერალმა გურამ ოდიაშარიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარმა დოსითეოსმა და სხვ.


ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
აქვე გაიმართა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის აღსაზრდელთა კონცერტი. 


„აფხაზეთის დღეებში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „Youth of Democracy“ მონაწილეობდა. ასევე, მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინებისა და კომპანია „მარიგოლდი“-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა.


პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე ამსტერდამში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გაცნობითი შეხვედრა და პრეზენტაცია.


„კულტურის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“ 6 ოქტომბერს ქართველი მხატვრების გამოფენით გაგრძელდება და ის ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტის, გიორგი ალექსანდრიას, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის და „Voice of Germany“-ის 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუას კონცერტით დაიხურება. ასევე, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ნიდერლანდებში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მერანი“.ნიდერლანდელი მომღერლები ქეთევან წიკლაურისა და ივო ბოსვაიკის დირიჟორობით ქართულ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.