აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იუნკერთა ხსოვნისა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა პატივსაცემად

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიავაგებთ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ.

იუნკერთა ხსოვნისა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა პატივსაცემად, 22 თებერვალს გიორგი უშიკიშვილის სახელობის ფოლკლორის ეროვნულმა სკოლამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურთან თანამშრომლობით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში შემოქმედებითი საღამო გამართა. საღამოს მხარდამჭერი იყო სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. საღამოს უძღვებოდა გიორგი უშიკიშვილი.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ჯგუფი „კოდორი“; ლია ხუნწარიას, ანა ბაჯიაშვილისა და სოსო მახარაძის ტრიო; ანსამბლ ,,ლაშარელას" მოსამზადებელი ჯგუფი; გოგონათა ანსამბლი ,,ამარტა".
საღამოს მსვლელობისას აფხაზეთის ომის ვეტერანებს სიტყვით მიმართეს და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ. მათ ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს მომღერალ გიორგი უშიკიშვილს საღამოს ორგანიზებისათვის.

კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსი დავით ღვინჯილია, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი და სხვ.