აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჟიული შარტავას სახელობის ალპინიადის მონაწილეები დააჯილდოვეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2019 წლის 21 სექტემბერიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა გამართა, ალპინიადის ინიციატორები იყვნენ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია და ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ,,ჟიული შარტავას საზოგადოება“.

4 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ამ ალპინიადის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ამასთანავე დააჯილდოვეს მთამსვლელები, რომლებმაც ამ დღეებში ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალი ხელმეორედ დალაშქრეს. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს ჩრდილოეთ მიჯნაზე აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს, რომელიც ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარეობს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა. ინიციატივის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და მთამსვლელები.

ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ალპინიადის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სიგელებით დააჯილდოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, ამავე სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, სააქციო საზოგადოება „ყაზბეგის“ დამფუძნებელი გოგი თოფაძე და სხვ.

ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და სხვები. მეუღლემ ლია ჯალაღონიამ, ჟიული შარტავას დაფასებისა და უკვდავყოფისათვის, თითოეულ მონაწილესა და ორგანიზატორს განსაკუთებული მადლობა გადაუხადა.