აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ძვირფასო მასწავლებლებო!

გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება მასწავლებლის დღე და მიზანი ყველგან ერთია: მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება და მათთვის მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

მასწავლებლობა ოდითგან ერთ-ერთ ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიად იყო მიჩნეული. მიუხედავად ღირებულებათა გადაფასებისა, ასე დღესაც და ასევე იქნება ხვალაც, რადგან ქვეყნის უკეთესი მომავალი უკეთესი მომავალი თაობის გარეშე წარმოუდგენელია, ეს კი - ღირსეული მასწავლებლის გარეშე.

დღეს ხშირად ამბობენ: „ყველაზე დიდი ინვესტიცია მომავალი თაობის აღზრდაში ჩადებული ინვესტიციააო“, მე კი ერთსაც დავამატებდი: ამ ინვესტიციის წარმატება თქვენს გარეშე წარმოუდგენელია.

ჩემი და ყველა სხვა მილოცვაც, რომელსაც დღეს მიიღებთ, უპირველესად მადლიერების გამოხატვაა ჩვენი მომავალი თაობის აღზრდაში გაწეული წვლილისათვის და მისი ადეკვატური დაფასებაც ვერანაირი ანაზღაურებითა თუ ჯილდოთი ვერ მოხდება. ეს მხოლოდ თქვენი აღზრდილების წარმატებებსა და მიღწევებს შეუძლია. ამიტომაც გისურვებთ, ბევრი ამგვარი წარმატებული აღზრდილი გყოლოდეთ!

ჩემი მილოცვა, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასწავლებლებს ეკუთვნით, მაგრამ მინდა გამოვყო აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების პედაგოგები. პირველნი - აქ, დევნილობაში მოზარდებს აფხაზეთის სიყვარულსა და იქ დაბრუნების რწმენას უნერგავენ; მეორენი კი - იქ არსებულ ურთულეს ვითარებაში, ბავშვებს საქართველოს ერთიანობის იდეით მუხტავენ და აკრძალულ ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას აშკარად თუ მალულად ასწავლიან... ეს ქვეყნის გამთლიანებისთვის დაუღლელი ბრძოლაა და გისურვებთ, ამ ბრძოლაში ყველას ერთად გაგვემარჯვოს!

როლანდ ნიჟარაძე,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.