აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „არქეოლოგია ყველასათვის" ჩაერთვნენ

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია ყველასათვის" ფარგლებში მცხეთის, წილკნისა და ძალისის არქეოლოგიური ადგილები მოინახულეს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია ყველასათვის" მხარდამჭერია ბრიტანეთის ,,ექსტერის“ უნივერსიტეტი და იგი მიზნად ისახავს, მოსწავლეებს გააცნოს არქეოლოგიური ნიმუშის გზა გათხრებიდან საგამოფენო დარბაზამდე.

კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა მცხეთის მიმდებარე არქეოლოგიური ბაზა, წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი და ძალისის ნაქალაქევი მოინახულეს. მოსწავლეებს არმაზის არქეოლოგიურ ბაზაზე ნივთების კონსერვაციისა და რესტავრაციის გაკვეთილები ჩაუტარდათ. მოზარდებმა დაათვალიერეს ფონდები და ახლადშექმნილი სამეცნიერო ლაბორატორია. ბოლოს თავადვე აღადგინეს დაზიანებული ნივთები, რომლებიც მათ საჩუქრად გადაეცათ.

სკოლის მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა საქართველოს ერონული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან ძოწენიძე. აგრეთვე, მათ ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია და ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის დირექტორი სვეტა რურუა. დასასრულ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციამ დევნილ მოსწავლეებს უმასპინძლა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თანადგომისათვის მადლობას უხდის პროგრამის ხელმძღვანელს, ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს დავით ლორთქიფანიძეს.