აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

23 მაისს - სვიმონ კანანელის ხსენების დღეს - აფხაზეთის დღეც აღინიშნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, 2014 წელს აფხაზეთის დღედ დააწესა.

წმინდა მოციქული სვიმონ კანანელი ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ის ანდრია პრველწოდებულთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში, მათ შორის აფხაზეთში, ღვთის სიტყვას ქადაგებდა. სვიმონ კანანელი აქ წარმართებმა წამებით მოკლეს. წმინდანი აფხაზეთში, ანაკოფიაში, ათონის მთაზე დაკრძალეს. შემდგომში მის საფლავზე მონასტერი აშენდა.

ერთ-ერთ ქადაგებაში უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ბრძანებდა: „...დღეს, როდესაც წმიდა სვიმონის მიერ კურთხეული აფხაზეთი ყოველი ქართველის ღია ჭრილობად იქცა, შევევედროთ დიდ წმინდანს, შეგვეწიოს, შევთხოვოთ მის სახიერებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი „ამაღლება“. სვიმონ კანანელის ხსენების დღეს „აფხაზეთობის“ აღნიშვნა ამ ჭშმარიტებას დაეფუძნა.

ამასთანავე მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აფხაზეთის დღის დაწესებით გულისხმობდა, "თითოეული ქართველის ცნობიერებაში განმტკიცდეს აზრი, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომ ძირძველი ქართველებით დასახლებული ეს წალკოტი დროებით არის ოკუპირებული და მას აუცილებლად დავიბრუნებთ".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად აფხაზეთის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. წლეულს კი, პანდემიის გამო, ეს დღე განსხვავებული ფორმატით აღინიშნება: სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინება; თბლისში, ბათუმსა და ზუგდიდში ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე განთავებულ მონიტორებზე ოთხი დღის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით გადაღებული ვიდეორგოლი ჩვენება მოეწყობა.