აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თემებზე: „მე ევროპელი“ და „მომავლის აფხაზეთი“ შემოქმედებითი კონკურსი ცხადდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრთან” ერთად და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აცხადებს ლიტერატურულ-შემოქმედებით კონკურსს სახელწოდებით „შემოქმედებითი ზაფხული“.

ლიტერატურული კონკურსის თემებია:

  • „მე ევროპელი“;
  • „მომავლის აფხაზეთი“. 

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 6-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებმაც საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე უნდა შექმნან პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, ჩანახატები, ესეები ან შეასრულონ ფერწერული ნამუშევრები.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 

  • ნაწარმოები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეესაბამებოდეს კონკურსის თემას;
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს MS Word პროგრამაში, შრიფტი (Font) – Sylfaen ან მსგავსი, შრიფტის ზომა – 12, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5. თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი და ნაშრომის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
  • ნახატის ზომა უნდა იყოს არანაკლებ 21X29 სმ-ის. 

ნამუშევრებთან ერთად აპლიკანტებმა უნდა გაგზავნონ შემდეგი მონაცემები:

  • სახელი, გვარი, ასაკი;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • საცხოვრებელი მისამართი;
  • სკოლა ან უნივერსიტეტი.

ნაშრომები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: culture@csya.ge

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 15 სექტემბერს. 

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ: საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრი”, ჟურნალ „რიწის“ რედაქცია, ჟურნალ „იალქნის“ რედაქცია, ბრენდი „ANOUKI“.

გამარჯვებული ნაშრომი (პროზა, პოეზია, ფერწერული ნამუშევარი) დაიბეჭდება ჟურნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ იალქნის სექტემბრის ნომერში, ხოლო ესეების კონკურსში სამ გამარჯვებულ ახალგაზრდას გადაეცემა ნატოსა და ევროკავშირის  საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები. 

რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს გამოავლენს ცნობილი ქართული ბრენდი „ANOUKI“ და გამოიყენებს მას კოლექციაში.