აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა და საჭიროებები შეისწავლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამჟამად ენგურს გამოღმა 13 სკოლა ექვემდებარება. ამ სკოლების ინფრასტრუქტურის შემოწმებას, ახალი სასწავლო წლისათვის თადარიგის დაჭერის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უკვე შეუდგა. ეს პროცესი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად ქ. ქუთაისში განთავსებული აფხაზეთის №5 საჯარო სკოლიდან დაიწყო. აქ ასევე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა, რომელმაც მომდევნო დღეებში, სამინისტროში საგანგებოდ შექნილ ჯგუფთან ერთად, აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლა მოინახულა.
ირაკლი გელენავას თქმით, „სკოლებში ვიზიტის მიზანი იყო მათი ინფრასტრუქტურის შესწავლა, შესაბამისი საჭიროებების იდენტიფიცირება. ხოლო ყოველივე ამის გათვალისწინებით, სამინისტროს ბიუჯეტში ამ პრობლემების მოსაგვარებლად არსებული შეზღუდული ფინანსების სწორად გადანაწილება. უნდა ითქვას, რომ სკოლის ინფრასტრუქტურას ნამდვილად ეტყობა ჩვენი სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის მზრუნველობა, მოწესრიგებულია სანიტარული კვანძები, უმეტესობას აქვს სპორტული დარბაზები, გათბობა, შენობები გადახურულია და შეკეთებული. თუმცა კიდევ არის რიგი პრობლემები, რომელთა ნუსხას მალე შეაჯერებს სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი კომისია და არსებულ თანხებს სკოლებს პრიორიტეტების გათვალისწინებით გადასცემს.“
გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ აფხაზეთის №1 და №6 საჯარო სკოლები ჩაბმული არიან „ახალი სკოლის მოდელში“, რომელიც როგორც სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე, სწავლა-სწავლების პროცესში ახალი, თანამედროვე მეთოდების დანერგვას ითვალისწინებს.
სკოლებში ვიზიტის ფარგლებში, პანდემიის გამო დისტანციური სწავლების აქტუალობიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდა ასევე აფხაზეთის საჯარო სკოლებისა თუ ცალკეული მოსწავლეების კომპიუტერულ და ინტერნეტ უზრუნველყოფაზე. გამოიკვეთა, რომ სკოლების უმეტესობა საჭიროებს კომპიუტერული სისტემის განახლებას;ხოლო მოსწავლეების ერთ ნაწილს გარკვეული პრობლემები აქვთ ინტერნეტზე წვდომასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო გეგმავს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად შედგეს რაიონებისა და ქალაქების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლების დახმარების მიზნით თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.