აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა პოეტური კრებული „სიყვარულს უშენებია“

კრებულში ამავე სახელწოდების კონკურსზე წარმოდგენილი პოეზიის საუკეთესო ნიმუშები შევიდა.
 
კონკურსი „სიყვარულს უშენებია“ საქართველოს მწერალთა კავშირის თაოსნობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
მასში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები (16-დან 35 წლამდე), რომლებმაც წარმოადგინეს პოეტური ნაწარმოებები მშვიდობის, სიყვარულისა და პატრიოტიზმის თემებზე.
 
ჟიურიმ კონკურსის მონაწილეთაგან შვიდი საუკეთესო ავტორი - როი აბუსელიძე, სულხან წულუკიძე, ამირან ჯანჯღავა, ოთარ ფალიანი, ბექა ახალაია, ივდითი კვიტია და ქეთევან ნათელაძე გამოარჩია და ისინი დიპლომებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. შემდეგ კი გამარჯვებულ თუ წარმოდგენილ სხვა საუკეთესო ლექსებს ერთ კრებულში მოუყარა თავი.
 
„სამშობლო, მისი წარსული და მომავალი, ტკივილად ქცეული აფხაზეთი და სამაჩაბლო, მშვიდობა, სიყვარული - აი, ახალგაზრდა პოეტთა საკონკურსო ლექსების თემა... ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, უთუოდ მოიხიბლება ახალგაზრდების თავანკარა პოეზიით, ახალგაზრდებისა, დიდი ქართული პოეტური ტრადიციების ერთგულნიც რომ არიან და ამავდროულად, ახერხებენ, სიახლეთა ძიებით, საკუთარი, მხოლოდ მათთვის ჩვეული გზებით სიარულს“, - - ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში.