აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ანზორ ერქომაიშვილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის გზაზეც თავის სიტყვას ამბობდა

ქართველი კომპიზიტორისა და ლოტბარის, ფოლკლორისტისა და დირიჟორის, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანლის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება უკვე შეფასდა როგორც ქართული კულტურის უდიდესი დანაკლისი.
 
ანზორ ერქომაიშვილი იყო მამულიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს არქივებში მიმოფანტული ქართული უნიკალური სიმღერების ჩანაწერებს ედგა კვალში, პოულობდა, წიგნებად კრავდა და ქართული კულტურის საგანძურს ამატებდა. მან ასევე მოიძია და დაკარგვას გადაარჩინა უამრავი აფხაზური ხალხური სიმღერა და ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერების ალბომი გამოსცა, რითაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის გზაზეც თავის სიტყვას ამბობდა.
 
„ქართული მუსიკალური ენის, ჩვენი მრავალხმიანობის გადარჩენისა და პოპულარიზაციისათვის გაწეული მსახურების გამო“ იგი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, რუსთაველის, ექვთიმე თაყაიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის და სხვ. პრემიებით.
 
ანზორ ერქომაიშვილი, ადამიანი „სავსე ქართული პატიოსნებით“, თავმდაბლობითა და კეთილშობილებით, დღეიდან მთაწმინდის ბინადარი გახდა.
მსუბუქი იყოს მისთვის ეს წმინდა მიწა!