აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე და ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი ესწრებოდნენ. ასევე, მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები, მასწავლებლები და სამინისტროს თანამშრომლები.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის თემაზე საკუთარი გზავნილები მოამზადეს და აფხაზეთის, შავი ზღვისა და მშვიდობიანი მომავლის შესახებ სურვილები და სათქმელი გამოხატეს. მონაწილეებმა ასევე ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის მანიფესტს. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების მიზანი შავი ზღვისა და აფხაზეთის უნიკალური ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობის წარმოჩენა, ეკოლოგიურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში გარემოს დაცვისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იყო.