აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით „კადრები აფხაზეთიდან“ ფოტოგამოფენა მოეწყო

„კადრები აფხაზეთიდან“ ფოტოგამოფენით მზიურის პარკში დღეს „აფხაზეთობის“ კვირეული გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ომამდელი აფხაზეთის ქალაქების ულამაზესი პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით.

„აფხაზეთობის“ გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი  ივანე დოლიძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მზიურის ამფითეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.