აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გიორგი ჯინჭარაძე პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს შეხვდა.

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს შეხვდა. ონლაინ ფორმატის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. გიორგი ჯინჭარაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა ელჩებს წარმატებები უსურვა. მან აფხაზეთის ჭრილში, სახალხო დიპლომატიის როლზე და ნდობის აღდგენის მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ახალგაზრდებს მოუწოდა ამ მიმართულებით საზღვარგარეთ იაქტიურონ. ონლაინ-ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ღონისძიების ფარგლებში, 2021 წლის პროექტის საგრანტო კონკურსის შედეგად შერჩეულმა ჩვიდმეტმა „ახალგაზრდა ელჩმა“ წარმოადგინა საკუთარი ინიციატივები და მათ მიერ განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა. პროგრამა ,,იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘’ENIGMMA 2’’-ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარება, ახალგაზრდობის სფეროში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ჩატარება.