აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ლევან ჩაკვეტაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა, დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება.

პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას“, - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.

დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.

ასევე ლევან ჩაკვეტაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავასთან ერთად, მამია ალასანიას საფლავი ყვავილებით შეამკო.