მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის რამდენიმე სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ,,მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრს“, შპს ,,ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტს“, და შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკას” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე მერაბ მარაქველიძემ,საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ხათუნა ვარშანიძემ და სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მედეა ქაჯაიამ მოაწერეს.
“აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პოლიკლინიკების განვითარება და ახალი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. დღევანდელი მემორანდუმის გაფორმების მიზანი აღნიშნულს ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება”- განაცხადა მერაბ მარაქველიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებას, დროებით დევნილი მოსახლეობის მომსახურებას ფასდაკლებით და სამედიცინო ცენტრ “დიომედის” ზუგდიდის ფილიალის გინეკოლოგიური კაბინეტის სრულ აღჭურვას.
შეხვედრის მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში ესწრებოდნენ.