აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაცია აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
კვირეულის ფარგლებში, დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საფუძველი ჩაეყარა მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობას.
ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთსა და შიდა ქართლში 1990-იან წლებში განვითარებულ საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად შენდება და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ანალოგის არმქონე ერთადერთ საკულტო ნაგებობას.
ტაძარში აღევლინება ლოცვები კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლის სულის მოსახსენებლად, შერიგებისა და საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად. ტაძრის მშენებლობა ფონდ „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით ხორციელდება. რუსლან აბაშიძემ და ღონისძიების სტუმრებმა წმინდა ადგილებიდან მოტანილ ქვებზე წარწერები გააკეთეს, რომელიც ტაძრის საძირკველში განთავსდა.
დღესვე, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარმა, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ პარაკლისი გადაიხადა.
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს გმირთა მოედანზე, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა.
„აფხაზეთობასთან“ დაკავშირებით, სოხუმის დრამატულ თეატრში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე, მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით, ასევე, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ წარსდგა.
ამავე ღონისძიების ფარგლებში, არტ-გალერეაში გამოფენა სახელწოდებით „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში გადაღებული, იქ დაბადებული და მცხოვრები ცნობილი ადამიანების დღემდე უცნობი და უნიკალური ფოტომასალა.
2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა, რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.