მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო

ახალი ამბები

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი სამხედროების ხსოვნას.

“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგად  ასობით მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20%.

რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა და  უკანონო ბორდერიზაცია.

საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ეკონომიკის განვითარების და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის გზით შეძლებს ქვეყნის დეოკუპაციას და ხელოვნურად დაშორიშორებული საზოგადოებების, ერთიან  სახელმწიფოში თანაცხოვრების უზრუნველყოფას” - აღნიშნა დავით ფაცაციამ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობ, ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და მასში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.

მემორანდუმს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა, დავით ფაცაციამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  (კანცლერმა), კარლო კოპალიანმა მოაწერეს.

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტოპნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციაზე პროგრამის „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელებული  პროექტები შეაჯამეს, ასევე საერთაშორისო ღონისძიებები - ,,დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის“ და „სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“. 

ანგარიშში, პანდემიის პირობებში არსებული სოციალური და სამოქალაქო  პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მინისტრის აპარატის მიერ, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში დაგეგმილი და ჩატარებული სამუშაოების, მათ შორის სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით,  ომის ვეტერნ, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დევნილი ოჯახების მიმართ გაწეული დახმარების შესახებაც ისაუბრეს.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის!

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ფოტოკონკურსს „საერთო ტრადიციებით საერთო მომავლისკენ“. პროექტის  მთავარი გამოწვევაა ქვემოთ მოცემული საკონკურსო თემების ერთი კადრით გადმოცემა:

  1. წარმატებული აფხაზეთელები (მათი წარმატებული საქმიანობის წარმოჩენა)
  2. დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები
  3. როგორია „თქვენი გზავნილი“ ენგურს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის.
  4. თქვენი ხედვა ევროპულ სივრცეში ერთიანი საქართველოს იდეისა.
  5. საერთო ტრადიციებით საერთო მომავლისკენ

პროექტს ეყოლება ჟიური, რომელიც 20 საუკეთესო ფოტოს შეარჩევს და მათგან გამარჯვებულებს შემდეგ საპრიზო ნომინაციებში გამოავლენს:

  • პროექტის რჩეული (1500 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
  • საუკეთესო გზავნილი (800 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
  • ყველაზე კრეატიული (700 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი) 

მონაწილეებისთვის მთავარი ამოცანაა ფოტო-კადრის, ე.წ. „მესიჯ ბოქსად“ გარდაქმნა და ენგურს მიღმა დარჩენილი თანამოქალაქეებისთვის გაგზავნა, როგორც სურვილი და ხედვა ჩვენი საერთო მომავლისა.
ყველა დაინტერესებულმა პირმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით.
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 31 ივლისი (31.07.20)

იხილეთ რეგისტრაციის ფორმა და საკონკურსო მოთხოვნები

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს, სახელწოდებით  ,,ენგურს იქით სანაპირო.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე და ატვირთოს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ჟურნალისტური ნამუშევარი (სტატია, ესსე ან ვიდეო რგოლი).
ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ნამუშევრის გამოგზავნა.  
პროექტის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.  I, II, III ადგილის მფლობელებს გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერები:
I ადგილი - 2000 ლარანი ვაუჩერი
II ადგილი - 1000 ლარიანი ვაუჩერი
III ადგილი - 500 ლარიანი ვაუჩერი
10 საუკეთესო ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება სამახსოვრო საჩუქრებით და მათი ჟურნალისტური ნამუშევარი გამოქვეყნდება ონლაინ ჟურნალში.
ჟურნალისტური ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 ივლისი.

გაიარე რეგისტრაცია

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ონლაინ კონკურსს მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“, რომლის მიზანია ახალი სახეების წარმოჩენა და მათი პოპულარიზაცია.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
კონკურსანტმა უნდა შექმნას ერთი ფერწერული ნამუშევარი აფხაზეთის თემაზე და  წარმოადგინოს მაღალი ხარისხის ფოტო (მინიმუმ 300 პიქსელი რეზოლუციით).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე ნამუშევარს.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი
კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო ჟიური. კონკურსის ფარგლებში დაიბეჭდება კატალოგი. ასევე, ჟიურის მიერ შერჩეულ 10 მონაწილეს გადაეცემა საჩუქრები.
ყველა დაინტერესებულმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით:

გაიარე რეგისტრაცია

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა, დავით ფაცაციამ, შეიარაღებული ძალების ვეტერანი, აფხაზეთში მებრძოლი ორი გარდაცვლილი შვილის მამა, ბ-ნ ანზორ დანელია მოინახულა და სასაჩუქრე კალათა გადასცა.
მინისტრის თქმით, მებრძოლი ბიჭები არ უნდა იყვნენ დავიწყებული: ,,შეუფასებელია თქვენი ოჯახის მსხვერპლი სამშობლოს მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად, რთულია შეგიმსუბუქოთ ეს დიდი ტრაგედია, 21 და 28 წლის ორი ვაჟკაცი შვილის, ირაკლის და მამუკას გარდაცვალება, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, ყურადღება და სითბო არ მოვაკლოთ მათი ოჯახის წევრებს, მშობლებს და შვილებს".

1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს გასაბჭოების შემდეგ არსებობა შეწყვიტა, მაგრამ არ განელებულა ქართველთა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. 70 წლიანი ოკუპაციის შემდეგ 1991 წელს 9 აპრილს საქართველომ კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.
მჯერა, რომ ისტორიული კანონზომიერება სრულად აღდგება. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და სახელმწიფოს გაძლიერებით, შევძლებთ საქართველოს გაერთიანებას და ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ სამყაროში.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!

 

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.
მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს და საქართველოს ეკლესიის, ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ასევე მინისტრი დ. ფაცაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს პატრიარქის ვედრებას:

"ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს“.

დავით ფაცაციამ განსაკუთრებული მადლიერებით მიულოცა 9 მაისი ომის ვეტერანებს და საქართველოს მოსახლეობას.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი დავით ფაცაცია ულოცავს საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით ყველა ვეტერანს ნაციზმზე და ფაშიზმზე გამარჯვებას.

დღეს, 8 მაისს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მორიგი დისტანციური ინტერნეტ-სამუშაო შეხვედრა გაიმართა. არსებული სოციალური და მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ონლაინ შეხვედრები, პირველ რიგში მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ სამუშაოების გაგრძელებას და ამავდროულად, თანამშრომლების ჯამრთელობაზე ზრუნვას ემსახურება.
ონლაინ-შეხვედრისას, ასევე განიხილეს პროექტი ,,მშვიდობის ლაბორატორია“, რომლის ფარგლებშიც 15 მაისს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი  6 თვიანი ონლაინ ლექციები დაიწყება. სწავლება 3 საფეხურიანია, რაც მოიცავს  ბიზნესისა და  გიდებისთვის სპეციფიური ინგლისური ენის შესწავლას. პროექტს ახორციელებს საერთასორისო კულტსაგანმანათლებლო ცენტრი ბრიტანეთის ST Giles კემბრიჯის განათლების სახლთან პარტიორობით და სამინისტროს ოფიციალური ფინანსური მხარდაჭერით.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ  ღონისძიების გატარების მიზნით, დასავლეთ საქართველოს რაიონებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულეს და მარჩენალდაკარგულ, ომის ვეტერან, უნარშეზღუდულ პირებს  სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი უერთდება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ინიციატივას  COVID-19-ის  წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც, მინისტრმა, დავით ფაცაციამ განაცხადა, ის საკუთარი ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში გადარიცხავს. ინიციატივას, მინისტრის აპარატის თანამშრომლებიც შეუერთდნენ და გამოთქვეს სურვილი, თავადაც გადარიცხონ თანხა მოქალაქეების დასახმარებლად.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
განცხადებაში თანათავმჯდომარეებმა დისკუსიების ყველა მონაწილე მხარეს მოუწოდეს, უნდობლობა და შუღლი გვერდზე გადადონ,  შეიკავონ თავი ანტაგონისტური რიტორიკისგან და ერთთობლივად იმუშაონ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე, განცხადების ავტორები მხარეებს მოუწოდებენ,  ყველაფერი გააკეთონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, განსაკუთრებით იზოლაციაში მყოფი ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების დასაცავად.
იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობენ ადამიანები, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჯანდაცვაზე მათ გააჩნდეთ რთნაირი და თანასწორი წვდომა. ეს შეეხება წვდომას ტესტირებასა და მკურნალობაზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 31 მარტსა და პირველ აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა  გადაიდო მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო.

წყარო: netgazeti.ge;   twitter.com