მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო

ახალი ამბები

საქართველოს მწერალთა სახლში მწერალ შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე” აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტური რომანი, ნაწარმოების მთავარი გმირის, ქალბატონი მანანა ანუას ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სოფლის, კომანის, ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. მკითხველი ეცნობა ადამიანებს, რომლებიც თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და რომლებიც ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ.

წიგნი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ითარგმნა. რომანი აფხაზურ ენაზე ჟურნალისტმა ირმა ოსიამ თარგმნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საერთაშორისო პროექტმა – „კულტურათაშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში“, რომელიც აფხაზეთის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე განახორციელა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, იტალიაში, კერძოდ კი ქ. ფლორენციაში, ამჟამად ქ. ბათუმში გადმოინაცვლა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერო სკოლა „გორდა”-ს ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ” გაიმართა, რომელიც მდიდარი ქართულ-აფხაზური კულტურის წარმოჩენას ემსახურებოდა.
ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის თემაზე შექმნილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის” დამფუძნებელი ნათელა დუმბაძე, სკოლა „გორდა”-ს დირექტორი ნინო მურვანიძე, ხოლო მწერალ ანზორ კუდბას დაბადების დღე მიულოცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იტალიის ქალაქ ფლორენციაში 13-20 ნოემბერს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო პროექტი “კულტურათაშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში” განხორციელდა.
პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის წევრ ადა მარშანიას, საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, რომაულდო დელ ბიანკოს ფონდის, ორგანიზაცია „რონდინე”-ს, საქართველოს საპატრიარქოს, რობერტ კენედის ფონდის, ერნესტო ბალდუჩის ფონდის, აჭარის სკოლა „გორდა”-სა და სხვადახვა ქვეყნის უნივერსიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტში რვა ქვეყნა იღებდა მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით წარადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. პროექტში ასევე ჩართულები იყვნენ აფხაზი ახალგაზრდები.
საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებზე სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად ლექციები საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრმა, პროფესორმა ვახტანგ თორდიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამა ადამმა (ვახტანგ ახალაძე) წაიკითხეს.
საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ფლორენციაში ქართველების, აფხაზებისა და ჩეჩნების მონაწილეობით ფოლკლორის საღამო გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო საქართველოს აქტიური ჩართულობა ინტერკულტურულ დიალოგში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება ქართულ-აფხაზური კულტურული ფასეულობების შენარჩუნების პროცესში, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა.
პროექტის მე-2 ეტაპი იგეგმება საქართველოში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით საერთაშორისო ინტერკულტურულ ფორუმს ითვალისწინებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტ „ტექნოლოგიური კვირეული 2025“-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად დაესწრო.
 
ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა მიმართეს, რომელთაც ახალგაზრდებთან ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლის ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.
 
"მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი და მიზანზე ორიენტირებული პროექტი გამოვიდა. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს ჩვენი დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა მათ შეიძინონ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს და „ტექნოლოგიური კვირეულის“ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტექნოლოგიური კვირეულის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ინოვაციებს, გაიღრმავეს ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში.
 
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.