აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე საკითხები განიხილეს და რამდენიმე ახალ მნიშვნელოვან ინიციატივაზე იმსჯელეს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განაგრძობს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას, სადაც განსაკუთრებული ადგილი სამოქალაქო ინტეგრაციას, სამშვიდობო ინიციატივებსა და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას უკავია.
„დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მინდა ახალი პროგრამები დავაინიციირო.
პირველი ეს არის კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“, რომლის მიზანია ისეთი ინიციატივების წახალისება, რომლებიც ხელს უწყობს აფხაზეთიდან დევნილთა სამოქალაქო ინტეგრაციას, ნდობის აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს. თითოეული გამარჯვებული პროექტის მაქსიმალური დაფინანსება 30 000 ლარს შეადგენს.
ასევე, მინდა შევეხო ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით მორიგ მნიშვნელოვან ინიციატივას. აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, რომელიც წარმატებული სტუდენტებისთვის თვეში 300 ლარის ოდენობით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაიცემა.
ამასთანავე, წელს პირველად დაემატა დოქტორანტების სტიპენდიის კომპონენტი. აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე, მაღალი აკადემიური მოსწრების იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი პროექტები უზრუნველყოფს საზოგადოებაში ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით არსებული პროცესების გაძლიერებას და დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდა მკვლევრებს და სტუდენტებს, რომლებიც თავიანთ სამეცნიერო თუ აკადემიურ საქმიანობას აფხაზეთის თემატიკას უკავშირებენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტების ამოქმედებით აფხაზეთის მთავრობა განაგრძობს სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერებასა და ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობას.
