აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2014 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ჯანდაცვისა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგებისა და სამინისტროებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსის შესახებ. ასევე, ინფორმაცია სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატში ჩატარებული კონკურსის შესახებ.

სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

საკითხის განხილვისას გაირკვა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მხრიდან დაშვებული იქნა გარკვეული სახის სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის რამდენიმე შეცდომა, რაც გამოწვეული იყო ზოგიერთი მოხელის მხრიდან საკითხისადმი უპასუხისმგებლო და უყურადღებო დამოკიდებულებით.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ვასილ ხორავას დაევალა, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, ხოლო იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგორ კოპალიანს მიეცა მითითება სამართლებრივ დოკუმენტებზე კონტროლის შესუსტების გამო.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებს დაევალათ სამართლებრივი საკითხების სრულყოფაზე მეტი ყურადღების გამახვილება, მათ მიერ დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მიმდინარე რეორგანიზაციასა და საკადრო ცვლილებებზე კონტროლის გამკაცრება, ასევე კონკურსის მიმდინარეობის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა და საკონკურსო მოთხოვნების დახვეწა.

მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს საკითხი - „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში აფხაზეთის ა/რ სათათბირო ორგანოს - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ".