აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2015 წლის 24 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2015 წლის 24 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე აფხაზეთის მინისტრებმა წარადგინეს მოხსენება 2015 წლის 1 კვარტალში გაწეული სამუშაოების, სამომავლო პროექტებისა და გამოყენებული საბიუჯეტო თანხების შესახებ.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა „აფხაზეთის ა/რ 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 თვის შესრულების შესახებ" ანგარიში წარადგინა, რომელშიც ასახულია 2015 წლის 3 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლები, გადახდებისა და ნაშთის ცვლილებების მაჩვენებლები, ასევე მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტით ასახული პრიორიტეტებისა და საანგარიშო პერიოდში ამ პრიორიტეტების მისაღწევად განხორციელებული პროგრამებისა და შედეგები.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა სხდომის მსვლელობისას მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის ეგიდით, მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე საქართველოსთვის" ფარგლებში 2015 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. მთავრობის წევრებს ინფორმაცია ომის მონაწილეთა ოჯახებთან ურთიერთობის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველმა რამინ ბულისკერიამ წარუდგინა.

ჰუმანიტარული დახმარება სულ 914 ოჯახს გაეწია, რაც წინა წლის იგივე აქციის მასშტაბებზე 241-ით მეტია. სააღდგომო აქციაში მოანწილეობას იღებდა 54 ორგანიზაცია, მათ შორის: აფხაზეთის ა/რ მთავრობა, მასში შემავალი 15 ორგანიზაცია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.