აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის (FMC) დანერგვას გეგმავს

აღნიშნული საკითხის გარშემო არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რაულ წულაიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) უფროსის მოადგილემ ირმა გელანტიამ დეტალურად მიმოიხილეს ის პროცედურები, რომელიც სამინისტრომ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავების/დანერგვის პროცესში უნდა გაიაროს. შეხვედრისას, ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის თემაზე პრეზენტაცია წარადგინეს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს თავიანთი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს. ჰარმონიზაციის ცენტრმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და სამინისტროს სისტემის (FMC) დანერგვის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.

l

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით დავით ფაცაციას მოუსმინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პლენარულ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე წარსდგა და მათ მიერ წერილობითი დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრმა წარადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში და სამომავლო გეგმები.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, რაისა ქარაია, ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, რუდიკ ცატავა, ელგუჯა გვაზავა, ანზორ წოწონავა.

სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

 სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

 

 

 

 

რუსლან აბაშიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ასოციაციის მიერ შექმნილ ელექტრონულ სასწავლო  პროგრამებზე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, აღნიშნული ციფრული პროგრამების მიწოდებისა და გამოყენების მიზანშეწონილობაზე დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები თანამემამულეებისათვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას. გამოიკვეთა ორივე მხარისთვის საინტერესო და საჭირო მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები და  სფეროები.

შეხვედრას აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია და პროფესიული განათლების ექსპერტი ნიკოლოზ მესხიშვილი ესწრებოდნენ.

ეკა ხოფერიამ სამინისტროს მიერ გარემონტებული აფხაზეთის №14 საჯარო სკოლის დარბაზი მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ქ. ზუგდიდის სოფელ ახალკახათში მდებარე აფხაზეთის №14 საჯარო სკოლას ესტუმრა და გარემონტებული სააქტო დარბაზი დაათვალიერა. მინისტრი სკოლას დარბაზის გარემონტებას რამდენიმე თვის წინათ სტუმრობისას შეჰპირდა.
 
დარბაზის რეაბილიტაცია სამინისტრომ ქვეპროგრამის „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების“ ფარგლებში უზრუნველყო.
 
ეკა ხოფერია სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციას სხვა საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
ბოლოს გარემონტებულ დარბაზში მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
რომში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით იტალიაში, რომში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და ICMPD-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გზამკვლევი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროგრამა ENIGMA 2-ის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის შეადგინა. გზამკვლევები ასევე შექმნილია  ესპანეთსა და საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორებისთვის. 

პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას  პროგრამის  „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2018-2019 და 2020-2021 წლების გამარჯვებულებმა ნენო გაბელიამ და მარიამ ბოჭორიშვილმა წარუდგინეს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. ორმაგი მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სერვისების განვითარების სააგენტოს, მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოდიშარიამ ისაუბრა.

დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.

რუსლან აბაშიძემ იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატის, გიორგი აფხაზის ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

გიორგი აფხაზის საფლავის განახლება იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და ინიციატივით განხორციელდა. საფლავი ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ  და  2018-2019 წლის პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ გამარჯვებულმა ნენო გაბელიამ მოიძიეს.

ახლადაღმოჩენილი საფლავი რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა მამა იოანემ, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და დიასპორის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ასევე, 26 ნოემბერს, რომში გიორგი აფხაზის ფერწერული ნამუშევრების, გრაფიკისა და სასცენო ილუსტრაციების გამოფენა გაიმართა.

ღონისძიება, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველი მკვლევარის, ნენო გაბელიას მიერ იყო ორგანიზებული, მუსიკალურად გააფორმა პოლიფონიურმა გუნდმა „Coro Polifonico Musica Creator” ლაურა გოგიაშვილის დირიჟორობით.

აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიებები გაიმართა.

დევნილთა სამინისტროს (რეგიონული მართვისა და საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის) ინიციატივითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით,  აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ქ. თბილისში,  ქუთაისში, ზუგდდში, ჩხოროწყუსა და კახათში   არსებულ  დევნილთა სკოლებში   ღია გაკვეთილები  თემაზე - „თავდაცვა და უსაფრთხოება“  ჩაუტარდათ.

 ღია გაკვეთილებს უძღვებოდნენ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები, ხელმძღვანელების მოადგილეები ტერიტორიული ორგანოს გამწვევი კომისიების თავმჯდომარეები და სამხედრო სამსახურის კურატორები.

 ღონისძიება  კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა. ღია გაკვეთილმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში დიდი  ინტერესი გამოიწვია, გაიმართა ასევე  დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმში, კომპეტენციის ფარგლებში პასუხები გაეცა მათთვის საინტერესო შეკითხვებს.

 მსგავსი ღონისძიებები ემსახურება დევნილ ახალგაზრდებში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, მეტ ინფორმირებულობას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ.

ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის 2021 წლის ლაურეატები გამოვლინდნენ

სახვითი ხელოვნების დარგში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრებისთვის ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის 2021 წლის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, წელს პირველი ადგილი ვანო ქავშბაიას, მეორე ადგილი ელდარ ქავშბაიას, ხოლო მესამე ადგილი ავთანდილ თოფურიას მიენიჭა. გამარჯვებულებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გადასცეს.

ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია ორ წელიწადში ერთხელ  სახვითი ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით გაიცემა.  საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები აფხაზეთის თემატიკას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება.

ღონისძიებას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს ერთი კარის პრინციპით 6 დაავადების ერთდროული სკრინინგი ჩაუტარდათ
ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მობილურ კლინიკაში ერთი კარის პრინციპით 6 დაავადების (ტუბერკულოზის (TB), COVID-19-ის, C ჰეპატიტის (HCV), აივ/შიდსის (HIV), დიაბეტის (DM) და არტერიული ჰიპერტენზიის (HBP)) ერთდროული სკრინინგი ჩაუტარდათ.
მობილური კლინიკა აღჭურვილია ციფრული რენტგენის აპარატით, რომელსაც სპეციალური CAD4TB სისტემით შეუძლია ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური პათოლოგიის დაფიქსირება, ამ პათოლოგიის ქულობრივად შეფასება და მიღებული გამოსახულების, თუ გამოკვლეული პაციენტის ინფორმაციის შენახვა და გაზიარება.
სამედიცინო მომსახურეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და ტუპერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პატრონაჟით. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა.
ზუგდიდსა და თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ.
ზუგდიდსა და თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ.
 
2016 წლიდან აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსო და საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ეტლებით და სხვა გადასაადგილებელი საშუალებებით დახმარებას ახორციელებს.
 
2016 წლიდან დღემდე მემორანდუმის ფარგლებში ეტლებით უზრუნველყოფილია 220 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი.
ეკა ხოფერია საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიას, საქართველოში საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელ პიერ კულეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ამ ეტაპისთვის აფხაზეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლისთვის ფრანგული ენის კლუბის საპილოტე პროექტის შექმნასა და დევნილი მოსწავლეების ფრანგულ კინოკლუბში ჩაბმას.

 

აფხაზეთის სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი ჩატარდა.

სემინარის ორგანიზატორები იყვნენ: სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

სემინარის მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და დევნილების სპორტში ჩაბმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაზე ისაუბრა სეოკი-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა. სეოკ-ისა და მოწვეულმა ლექტორებმა სპორტის ადმინისტრატორებს, მენეჯერებსა და მწვრთნელებს ორგანიზაციების ეფექტური მართვისათვის აუცილებელი ცოდნა გაუზიარეს.

დასასრულ სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.

 

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამები

         ამბულატორიული დახმარების პროგრამა:

  • კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების ქვეპროგრამა:
  • ეზოგასტროდუოდენოსკოპია ანესთეზიით და ანესთეზიის გარეშე;
  • კოლონოსკოპია ანესთეზიით;
  • ორივე ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;
  • ციფრული რენტგეოგრაფია;
  • ართროექოსკოპია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • კოაგულოგრამა;
  • D-დიმერი;
  • C-რეაქტიული ცილა;
  • სრული ლიპიდური სპექტრი;
  • ინსტრუმენტული გამოკვლევების ქვეპროგრამა:                      
  • თავის ტვინის ექსტრა და ინტრაკრანიალური დოპლეროგრაფია;

        ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა:

  • გეგმიურ კორონარულ ანგიოგრაფიის ქვეპროგრამა;
აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს

კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა მუზეუმში ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის კონსტანტინე წერეთლისა და მისი შვილის, თავისუფლებისათვის მებრძოლი მხატვრის, გასული საუკუნის 80-იანი წლების ყველაზე გახმაურებული „თვითმფრინავის საქმის“ ერთ-ერთი მონაწილის სოსო წერეთლის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს. მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ საინფორმაციო სესია 80-იანი წლების ხსენებულ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ ის წინააღმდეგობებით აღსავსე სინამდვილე, რაც საბჭოთა იმპერიის ნგრევას უძღოდა წინ.

 

17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს ქ. ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭყვიშში, კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ვასილ ტაბიძის ოჯახში დაიბადა.

იგი თავიდანვე აღიარეს „პოეტების მეფედ“ და „გენიალურ გალაკტიონად“. მისმა ლექსებმა - „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „მზეო თიბათვისამ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „უსიყვარულოდ“ და სხვ.  რიტმით, ტონითა თუ ნახევარტონებით, მუსიკალურობით, ფერით, სიტყვის მოქნილობითა და ბგერის კეთილხმოვანებით... მკითხველს აქამდე წარმოუდგენელი, სხვათაგან მოუხელთებელი პოეტური სამყარო გადაუშალა. მან ქართულ ლიტერატურაში შექმნა პოეტური მწვერვალი, რომლის გადალახვაც დღემდე ვერავინ შეძლო.

გალაკტიონი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა: „...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან - ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“. ალბათ ამიტომაც იყო ბუნებრივი, როდესაც გალაკტიონს პირველი ნახვისთანავე ძალიან შეუყვარდა აფხაზეთი და გადაწყვიტა სოხუმში აეშენებინა სახლი, რომელსაც თვითონ „Вилла Галактиона – Вилла короля поэтов“ უწოდა. სახლის მშენებლობა თითქმის ათი წლის შემდეგ დაასრულა, მაგრამ შიგ ცხოვრება ვერ მოასწრო.

გალაკტიონმა 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.