აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე განხორცილებული თავდასხმის დროს 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის კაპრალ თეიმურაზ ორთავიძის, კაპრალ გიორგი ადამოვის, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილის, რიგითი მიხეილი ნარინდოშვილის, რიგითი ბორის ცუგოშვილის, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილის და რიგითი გიორგი ღუჭაშვილის დაღუპვის გამო, სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს და ახლობლებს.

ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდსა და ბათუმში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზუგდიდის რაიონ სოფელ კოლხიდაში ჩასახლებული  ჟვანიების მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა, საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

ჟვანიების 8 სულიანი ოჯახი მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ერთად ქვეწარმავლების შემოსევაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოჯახს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

ვახტანგ ყოლბაია ასევე შეხვდა აჭარაში მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც 2005-2006 წწ ბათუმში არსებული სხავადასხვა კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტიდან უკანონო გამოსახლებას აპროტესტებენ და მათ პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვას, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობას შეპირდა.

ბათუმში ყოფნისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვახტანგ ყოლბაიამ სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

საუბარი შეეხო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს, სახალხო დიპლომატიის და უნივერსიტეტთა თანამეგობრობის როლს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში, კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი ახალგაზრდების ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ბავშვთა უფლებებს კონფლიქტურ რეგიონში  და სხა მნიშვნელოვან საკითხებს.

შეხვედრაზე დაისახა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა საქველმოქმედო კონცერტი გამართეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ სკვერში აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა  საქველმოქმედო  აქცია - კონცერტი გამართეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო და პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე  მიულოცა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს  აფხაზეთის და თბილისის  საჯარო სკოლების მოსწავლეების ბავშვთა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. ასევე მოეწყო ასფალტზე ხატვის კონკურსი და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო  გამოფენა - გაყიდვა. ქველმოქმედების სახით შემოსული თანხა მსოფლიო ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.

კომპანია ,,ბარამბო" აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

საქველმოქმედო კონცერტი აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით და  კინოცენტრი ,,აფხაზეთი'' და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის ,,მომავლის ხმა" ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გენადი გადელია  დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში კლინიკასთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფში (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები) დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შესაძლო გართულებათა მინიმიზაციის და თავიდან აცილების საწინდარს წარმოადგენს.

დევნილ ბავშვებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და მისი მიზანია ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, ქრონიკულ პაციენტთა გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების დასახვა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე მისულმა ბავშვებმა სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

დევნილი ბავშვები ზუგდიდში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრნენ

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, ფოცხო-ეწერში ჩასახლებული სკოლამდელი დაწესებულების 20 აღსაზრდელი ზუგდიდში გამართულ თეატრალურ წარმოდგენასა და საზეიმო კონცერტს დაესწრო. ბავშვებმა, ასევე, მოხატეს ასფალტი.

ღონისძიების ბოლოს ფოცხო-ეწერის საბავშო ბაღის აღსაზრდელებს დაურიგდათ საჩუქრები და ტკბილეული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის განცხადება

შეშფოთებას გამოვთქვამ იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, თავმჯდომარისა და ხალხის ნდობის მანდატით აღჭურვილ დეპუტატებს შორის საჯარო განხეთქილების ფონზე, სურს ჩირქი მოსცხოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრისა და მისი თანამოაზრეების ქმედებებს და ისინი საქმეში ჩაუხედავებად მონათლოს.

მივესალმები აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებას, რომ „ოთახების განკარგვის უფლება აქვს მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელებს“. განცხადებაში მითითებული ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სარგებლობის უფლებით გადმოცემულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსათვის არსებობის ვადით. შესაბამისად, გაუგებარია, რომელ ხელმძღვანელობას გულისხმობს ფართების გადანაწილებაზე უფლებამოსილად ბატონი თავმჯდომარე.

„ქალბატონი მინისტრის განცხადებები და ცალკეული პასაჟები“ მიუთითებს მხოლოდ ერთ დეტალზე - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ იქნეს დაცული კანონი და თავი შეიკავონ მუდმივი ზეწოლისა და მუქარებისაგან.

მაშინ, როდესაც საქართველო დემოკრატიული განვითარების რეალურ გზაზე დგას, როდესაც ხელისუფლების პრიორიტეტები განსაზღვრული და გარანტირებულია, არ შეიძლება მოწონებულ იქნეს, როგორც შიდა უწყებრივი, ასევე, უწყებათაშორისი განხეთქილება, რადგან ნებისმიერი არასწორი და არაკონსტიტუციური ნაბიჯი საზოგადოების უნდობლობას ბადებს.

გიდასტურებთ, რომ მივესალმები კოალიცია „ქართული ოცნება-ერთიანი საქართველოს“ შექმნას და იმედს ვიტოვებ, რომ კოალიცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მისი სრული დაცვით იქნა ჩამოყალიბებული და ემსახურება იმ მიზნებისა და ამოცანების რეალურ განხორციელებას, რასაც ემსახურება კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი
ნანა შეროზია
თბილისი, 2013 წლის 31 მაისი

აფხაზეთის საკითხი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბარომეტრია

ბუნებრივია, სადღეისო რეალიების პირობებში აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა პუბლიკაცია და კერძო თვალსაზრისი თითქმის ყოველთვის სუბიექტურია. მე აფხაზეთის დაბრუნების და აფხაზეთში დაბრუნების იდეით ვცხოვრობ და წინასწარ გიხდით ბოდიშს, თუ ჩემი ესსე არამართებულად მოგეჩვენოთ. იმაში კი უნდა დამეთანხმოთ, რომ არც კომპიუტერული პროგრამა არსებობს, რომელიც მზა რეცეპტებს ამოგვიბეჭდავს ან რაიმე აპარატი, რომელშიც ჩააგდებთ მონეტას და მიიღებთ ძმათამკვლელი დაპირისპირების გადაწყვეტის მრავალუცნობიანი ეთნო-პოლიტიკური განტოლების ცალსახა ამონახსენს...

იმპერიის ნგრევის პირობებში, მრავალსაუკუნოვანი ქართულ-აფხაზური ძმობისა და ისტორიული თანაცხოვრების ურთულეს ეტაპზე, რუსეთის ექსპანსიით პროვოცირებული დამანგრეველი ძმათამკვლელი ომის ტრაგედიას უალტერნატივოდ უნდა მოჰყვეს მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პოზიტიური ფერისცვალების ურთულესი პროცესი. ყველა ომი ხომ მოლაპარაკებებით მთავრდება. მოლაპარაკება კი ომზე ბევრად ძნელია. თუ ამ პარადიგმაზე ვერ შევთანხმდით, ჩემი რწმენით, აზრს კარგავს ყოველგვარი დისკუსია აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის სასურველ პერსპექტივებზე.

კონფლიქტი ღრმა ჩიხშია. პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ძალთა დისპოზიცია კვლავ უცვლელია იმის გამო, რომ არც ერთი მხარე არ არის მზად მნიშვნელოვანი, არსებითი, მაქსიმალური, გონივრული კომპრომისისთვის. ვერანაირი ტრანსფორმაცია ვერ განიცადა მხარეების წარმოდგენებმა წარსულსა და მომავალზე... ყველაფერი გაიყინა დროსა და სივრცეში. იძულებითი ურთიერთლოიალურობის რეჟიმიც კი ვერ დამყარდა. პოლიტიკურ კალენდარს უცვლელად აწერია „არც ომი, არც მშვიდობა“.

მწარე სიმართლე ის გახლავთ, რომ ქართულ და აფხაზურ პოლიტიკურ ელიტებსა და მოძმე ხალხებს შორის დიალოგი ჯერ არც კი დაწყებულა!. მიზეზი მარტივია - კონფლიქტი სულ უფრო კარგავს შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტის მახასიათებლებს. კარგია ეს თუ ცუდი, ეს კიდევ საკითხავია... საგარეო ფაქტორები და საერთაშორისო ფასილიტატორების როლი წარმოჩენილია უალტერნატივო პრიმატის რანგში. მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ პანაცეა ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება და რუსეთთან კომპრომისი კი არ არის, არამედ სატელიტების შესაძლო ხელშეწყობით, უშუალოდ ქართულ-აფხაზური, პირდაპირი, ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი და ამ დიალოგის წარმატებაა. სწორედ დიალოგის, ნდობის ხარისხის პოზიტიური შედეგები უზრუნველყოფენ აფხაზეთის კვანძის გახსნას.

დამეთანხმებით, რომ 20 წელია ვერ იქნა მიღწეული კონფლიქტების მოგვარების ცივილიზებული, მშვიდობიანი გზებით გადაჭრის ერთიანი, სისტემური, დოქტრინალური და კონცეპტუალური მიდგომა და კონფლიქტების მენეჯმენტი. სწორედ სამშვიდობო მენეჯმენტი, რადგან კონფლიქტის მართვის გარეშე პროგრესი ამ საქმეში არასდროს არ იქნება. დღემდე, უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზე არ არის დეკლარირებული აფხაზეთის ტრაგედიის ყოვლისმომცველი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, სამხედრო-პოლიტიკური წარუმატებლობის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, ხელისშემწყობი თუ ხელისშემშლელი საშინაო და საგარეო ფაქტორები.

მინდა სწორად ვიყო გაგებული: გაყინულ და კონსერვირებულ კონფლიქტში პიროვნული და სახელისუფლო ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. მათი როლი მზარდია. ისიც ბუნებრივია, რომ თბილისისა და სოხუმის ლიდერები და ელიტები ცდილობენ კონფლიქტის მოუგვარებლობის სპექტრის გამოყენებას ხელისუფლების მოპოვების, მისი შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის. ძალიან დიდია პოლიტიკურ ძალთა ცდუნება მიაღწიონ პროგრესს ამ პროცესში. ხელისუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად და საზოგადოებების კონსოლიდაციის საფუძვლად აფხაზეთის საკითხის გამოყენება არაახალია, ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ ვაჭრობაში ორ ძაღლს ერთ ძვალს არ უგდებენ. აგრესიული მუქარების რიტორიკა, პოლიტიკური მანიპულირების და სპეკულაციის იარაღად კონფლიქტის მოუგვარებლობის თემატიკის გამოყენება ხშირად აბსურდამდე დადის.

ქვეყნის გამთლიანება, ფუძეაყრილთა საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება, ჩვენი აფხაზი ძმების ფსიქოლოგიურად საქართველოსკენ შემობრუნება, რომელთაც დღეს აღარ სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეებად იწოდებოდნენ, შესაძლებელია არა ომით და რევანშის დროშების ფრიალით, არამედ სახელმწიფოში თავისუფლებისა და სამართლიანობის დამკვიდრებით, თავისუფალი საზოგადოების ინსტიტუტების დაფუძნებით, სოციალურ-ეკონომიკური გარანტიებით. მხოლოდ დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოებათა ურთიერთქმედება არის გზა კეთილდღეობისკენ და ისეთი სახელმწიფოს შექმნისკენ, რომელიც მიმზიდველი იქნება ჩვენთვის და აფხაზებისათვის, იქ მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისათვის.

აფხაზური ლაბირინთის ამონახსენი პირდაპირპროპორციულია აფხაზეთის ენგურგაღმა და ენგურსგამოღმა საზოგადოების მზაობის ხარისხისა. ფაქტობრივად, აფხაზეთის იძულებით ადგილნაცვალი საზოგადოების როლი და მნიშვნელობა აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტაში შეგნებულად თუ შეუგნებლად წლების მანძილზე გამოუყენებელია, უფრო ზუსტად, იგნორირებულია. იგი არ განიხილება, როგორც კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური პროცესის მთავარი და გადამწყვეტი პოლიტიკური რესურსი.

სამწუხაროდ, აფხაზეთის ლეგიტიმური წარმომადგენლობა არ ფლობს რეალურ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და სოციალურ ბერკეტებს. დღემდე ვერ მიიღწია ასეთი კომპეტენციის დელეგირება. ალბათ, ამანაც განაპირობა ის, რომ პოლიტიკურად დაქსაქსული, არაქმედითუნარიანი აფხაზეთის ქართველობის ფენომენი უფუნქციოდ აღმოჩნდა. უშუალოდ დევნილები, ავტორიტეტული, გავლენიანი, კეთილსინდისიერი პიროვნებები არ არიან ჯეროვნად წარმოდგენილი პარლამენტში, მთავრობაში, საკრებულოებში, ცენტრალურ და ადგილობრივ აღმასრულებელ სტრუქტურებში, აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე უწყებებში. მათ არ გააჩნიათ ტელევიზია და გაზეთი, ფრაგმენტულია მათი მონაწილეობა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში და საერთაშორისო ღონისძიებებში. თუნდაც „პოლიტიკურ ტურიზმად“ შერაცხულ ქართულ-აფხაზურ არაფორმალურ შეხვედრებში, რომელთა მნიშვნელობა ჩემი აზრით ძალზე დიდია.

იქნებ დადგა დრო, დასრულდეს თანამდებობრივი ექსპერიმენტები აფხაზეთთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ შინააშლილობის, თანამდებობრივი კინკლაობის მწარე გამოცდილება გადმოგვყვა სოხუმიდან...

ერთის მხრივ, ცხარე დებატები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვმჯდომარის კანდიდატურებზე სასარგებლოც არის, ვინიდან ეს დისკუსია პროვოცირებს აფხაზეთის მივიწყებულ პრობლემატიკაზე საჯარო დისკუსიებს. ამასთანავე, მიუღებელია წრეგადასული ცილისწამება და არაკორექტულობა.

ბატონ ვახტანგ ყოლბაიასთან 37 წლის თანამოაზრეობა და მეგობრობა მაკავშირებს. ეს მისი ოპონენტებისათვის ცნობილია. ეს არანაირად არ მზღუდავს საჯაროდ განვაცხადო: მისი პოლიტიკური, საქმიანი და პირადი თვისებები, დიდი გამოცდილება სრულად პასუხობენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საპასუხისმგებლო თანამდებობას. მთავარი ის გახლავთ, რომ ის კომპეტენტური პრაგმატიკოსია! მას კარგად აქვს გაცნობიერებული აფხაზეთის შემომტკიცების სისხლ-ხორცეული აუცილებლობა, ჩინებულად იცნობს აფხაზეთს, აფხაზეთის საზოგადოებას, ადათ-წესებს, ეთნიკურ თავისებურებებს, მენტალობას, გააჩნია აუცილებელი პირადი და ახლო ნათესაური კავშირები. იგი ომის შემდეგ ჭირსა და ლხინში გვერდით ედგა ჩვენს თანამემამულეებს და მათ შორის, ყველასგან მიტოვებულ გალის რაიონს.

კონფლიქტის „თეთრ ლაქებს", პასუხგაუცემელი კითხვების სიჭარბეს, პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებსა თუ დანაშაულებრივი უმოქმედობის ფაქტების სიმრავლეს ბატონ ვახტანგს ნუ მივაწერთ. ბატონი ვახტანგის კანდიდატურა რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ წარუდგენია, ეს იყო ლოგიკური მოვლენა, რომელიც არავის გაკვირვებია. ის არ არის და არც ყოფილა პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება!

ზურაბ ერქვანია, აფხაზეთის ექს-მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში აღნიშნეს

26 მაისს, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ბავშვთა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს. ასევე, მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ნახატების გამოფენა.

ღონისძიებას აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ. საღამო სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთი"-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმა" ორგანიზებით მოეწყო.

26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა, აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი ფოლკლორული ჯგუფები, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში აღნიშნეს

26 მაისს, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ბავშვთა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს. ასევე, მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ნახატების გამოფენა.

ღონისძიებას აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ. საღამო სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთი"-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმა" ორგანიზებით მოეწყო.

26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა, აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი ფოლკლორული ჯგუფები, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზში თანამედროვე, ქართველი მხატვრის დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების - „საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი" პერსონალური გამოფენა მოეწყო.

თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციის „განათლება დემოკრატიისათვის" ინიციატივით, პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი"-ს ფარგლებში, მხატვარმა დავით ბაძაღუამ  შექმნა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლის - ბედიის, ილორის, მოქვის, ლიხნის, ანაკოფიის, გაგრის, დრანდის, ჭუბურხინჯის და სხვ. - ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების სერია. გამოფენაზე მხატვრის სხვა ფერწერული ნამუშევრებიც, სულ 45-მდე ნახატი იყო წარმოდგენილი.

გამოფენას აფხაზეთის უამღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ქ თბილისის მერიის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები დაესწრნენ.

ივნის-ივლისში მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში, ზუგდიდსა და კასპში გაიმართება.

მხატვარ დავით ბაძაღუას შემოქმედება ევროპამ აღიარა, მისი ნამუშევრები ინახება ამერიკის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, თურქეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. მას იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებზე, კონკურსებში, მოსწონთ მისი შემოქმედება და ერთხმად აღიარებენ მის ჭეშმარიტ, შემოქმედებით ნიჭს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ რუსთაველის პრემიის ლაურეატის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით გენო კალანდიასთვის მიღება გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რუსთაველის პრემიის ლაურეატის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიასთვის მიღება გამართა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ პოეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, გენო კალადნიას მხატვრული ლიტერატურის დარგში წიგნისათვის „ფესვები" შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მინიჭება მიულოცა, საპატიო სიგელი გადასცა და შემოქმედებით ასპარეზზე წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

გენო კალანდიას ნაწარმოებები ყოველთვის გამოირჩევა პოეტური აზროვნების მაღალი კულტურითა და პატრიოტული სულისკვეთებით. მისი სტილისათვის დამახასიათებელია სისადავე და ჰარმონიულობა. პოეტის ფიქრები და განცდები სანუკვარ აფხაზეთს, ენგურსგაღმა დარჩენილ საქართველოს დასტრიალებს. ავტორი საოცარი სიცხადით აღადგენს აფხაზეთის ომის ისტორიას თავის ნაწარმოებებში - „ავტოგრაფები ქვაზე", „რეკვიემი" და „ისევ რეკვიემი".

პოეტური ციკლებისთვის გენო კალანდიას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო - საქართველოს სახელმწიფო პრემია (1994 წ.), გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია (2002 წ.), ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და სხვა.

ბოლნისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს ვახტანგ ყოლბაია დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა" ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლები „გამარჯობა სოხუმო" და ბრანდონ ტომასის „ჩარლის დეიდა" წარადგინა.

გუშინ გამართულ ღონისძიებაზე მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია. კულტურის სახლში გამართულ სპექტაკლს ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ფალავანდიშვილი, ბოლნისში ჩასახლებული დევნილები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული 20 მაისს გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში იმართება კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები. ეწყობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, ყვავილების, წიგნებისა და ფოლკლორული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. იმართება სხვადასხვა თეატრალიზებული წარმოდგენები და კონცერტები.

ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ფინალში კოდორის ხეობის გუნდმა გაიმარჯვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?" გაზაფხულის სეზონის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ფინალში აფხაზეთის №1, №7, №10, №11, №12 საჯარო სკოლების 6 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული კოდორის ხეობის გუნდი გახდა, რომელსაც გარდამავალი „ბუ" გადაეცა. გუნდის წევრებს კი დიპლომები და მსოფლიო ისტორიის წიგნები დაურიგდათ.

დღესვე მოზარდებმა სამების საკათედრო ტაძარში, ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღის ბოლოს ინტელექტუალური თამაშის მონაწილე დევნილ მოზარდებს კინოთეატრმა „რუსთაველმა" უმასპინძლა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს უხცადებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 მაისს ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორცილებული თავდასხმის დროს 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურის კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძის, კაპრალი ვლადიმერ შანავას, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.