ვახტანგ ყოლბაია სტუმრად ღვაწლმოსილ პედაგოგ ლეონტი ქუხილავასთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია ქალაქ ჯვარში აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ლეონტი ქუხილავას ესტუმრნენ, რომელსაც გასულ წელს 80 წელი შეუსრულდა. იგი სოხუმის დაცემის ბოლო წუთებამდე სოხუმის მე-11 საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა.

ვახტანგ ყოლბაიას სიტყვებით, ქუხილავამ „შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი ახალგაზრდების ღირსეულ აღზრდას დაუთმო". სტუმრებმა პედაგოგს სასაჩუქრე კალათი და აფხაზეთის მთავრობის მადლობის წერილი გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა ბულგარეთის ფესტივალზე გამარჯვებულ ბავშვებთან

ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხაში ბუგლარეთიდან დაბრუნებულ ხელოვან ბავშვებს შეხვდა, რომელთა შორის 20 დევნილია.

საერთაშორისო ფესტივალი „მორსკა პერლა" ბულგარეთის ქალაქ ახელოიში 25 ივნისიდან 4 ივლისამდე მიმდინარეობდა. მასში 9 ქვეყნის მოზარდებთან ერთად ქართველმა ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა.

სპეციალურად ამ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოდან, კერძოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან 40-ზე მეტი ბავშვი, მათ შორის 20 დევნილი მოზარდი გაემგზავრა. კონკურსი ჩატარდა ქორეოგრაფიასა და ფოლკლორულ ინსტრუმენტალურ, ასევე სასიმღერო ჯანრში. გრანპრი ქართველმა მოზარდებმა ქორეოგრაფიულ და ინსტრუმენტალურ ნომინაციაში აიღეს. მოზარდები ბულგარეთში წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა და ბიზნესმენ ნოდარ კორსანტიას მხარდაჭერით გაემგზავრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვებს წარმატება მიულოცა და მათთვის გაწეული დახმარებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ჯვარის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ისინი ასეთ ყურადღებას და თანადგომას იჩენენ ჩვენი დევნილი ბავშვებისადმი. ალბათ იცით, რამდენად ძნელია საზღვარგარეთ გასვლა. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, ეს არის ის მორალური, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რაც ბავშვებს ჭირდებოდათ. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ღირსეულად წარმოეჩინათ საქართველო. ქართული კულტურა ის ფენომენია, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ერს, ჩვენს ნიჭს და ჩვენს მისწრაფებას ხვალინდელი დღისკენ, განვითარებისკენ. მე ვულოცავ წალენჯიხის ფოლკლორულ ჯგუფს ამ წარმატებას. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვასახელა, ეს პირველი საფეხურია იმ წარმატების გზაზე, რომელიც მომავალში მრავლად ექნებათ", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

თავის მხრივ, აფხაზეთის მთავრობასა და ენგურჰესის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ.

„ბულგარეთში გამართულ ხელოვნებისა და ხალხური მუსიკის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ორმოცმა ბავშვმა ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის 20 ბავშვი აფხაზეთიდან დევნილია. მადლობას ვუხდი ენგურჰესის ხელმძღვანელობას, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ბავშვების დაფინანსებაში, მცირე წვლილი ჩვენც შევიტანეთ, მაგრამ მთავარია, რომ პრიზიორები ამაყები დაგვიბრუნდნენ. მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობას", - აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფოთში

გუშინ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, აფხაზეთიდან დევნილთათვის მორიგი სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

აქციაში დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. დევნილებს მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. მათ სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტებიც მიიღეს.

გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე, მალთაყვის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა, სადაც 4000-მდე დევნილია რეგისტირებული.

სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ფოთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ფოთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

„მალთაყვის დასახლებაში ჩასახლებულია 3000-ზე მეტი დევნილი, რომლებიც აქ წყალტუბოდან, ზუგდიდიდან და ფოთიდანაც კი გადმოსახლდნენ. სამი წელია უკვე აქ ცხოვრობენ. მათი თხოვნა იყო, რომ სამედიცინო გამოკვლევა ჩაგვეტარებინა. ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლო სწრაფად და ორგანიზებულად დღევანდელი დღისთვის მობილიზება. ეს უკვე მეექვსე გასვლითი ღონისძიებაა, რომელსაც ისინი ატარებენ. ამ აქციის ჩატარებაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებმა გაგვიწიეს დახმარება. ასეთებია: „ფარმადეპო," „სახალხო აფთიაქი", „ავერსი" და სხვები. დიდი დახმარება გაგვიწია ღუდუშაურის ცენტრმა, დვალის კლინიკამ, კლინიკა ლანცეტმა. მოსახლეობა კმაყოფილია, ეს კი ძალიან მახარებს. მახარებს ისიც, რომ ამ აქციაზე სხვადასხვა პროფილის ექიმები მრავლად იყვნენ. უამრავმა დევნილმა ჩაიტარა გამოკვლევა. ხალხმრავლობა თვალში საცემი იყო. შესაძლებლობის ფარგლებში უფასო წამლებიც დარიგდა. თუმცა ყველას ვერ გაწვდა. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩვენი ჯანმრთელობის სამინისტრო იზრუნებს. სპეციფიურ და უფასო წამლებზე დევნილები ჩვენთან დადგებიან აღრიცხავაზე. ორ კვირაში კი მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ეს წამლები ადგილზე გამოიგზავნება და აქვე დარიგდება. დღევანდელი დღე ჯანდაცვის სამინისტროსათვის არის რიგითი სამუშაო დღე, ჩვენი დევნილებისთვის კი არც ისე ჩვეულებრივი, რადგან ამ აქციას დიდი კმაყოფილებით შეხვდნენ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, გამოკვლევების დროს მოხდა ახალი შემთხვევების აღმოჩენა; გარდა ამისა, სანინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მან ასევე მოინახულა და დახმარება გაეწია რამდენიმე მწოლიარე პაციენტს, რომელთაგან ერთ-ერთი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, დევნილთა უფასო გამოკვლევები სხვა რეგიონებში კვლავაც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცის" ორგანიზებით სამედიცინო აქცია გაიმართა გურჯაანშიც.

კლინიკის მაღალპროფესიულ ექიმთა ჯგუფის მიერ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. პროგრამის ფარგლებში დევნილებზე მედიკამენტები უფასოდ გაიცა.

გურჯაანში გამოკვლევები მთელი დღის განმავლობაში, გურჯაანის ქართულ-ფრანგულ კლინიკაში მიმდინარეობდა.

ვახტანგ ყოლბაიას მილოცვა ლერი ხაბელოვს 50 წლის იუბილესადმი

  ვულოცავ ბატონ ლერი ხაბელოვს 50 წლის იუბილეს, ქართული სპორტის ღირსებას და სინდისს. დაუღალავ, მშრომელ და მუხლჩაუხრელ ადამიანს. უამრავი ვარსკვლავის, ოლიმპიური ჩემპიონის აღმზრდელს. თქვენი გზა და მოღვაწეობა ნიჭიერი, დაუღალავი, მოუსვენარი, საინტერესო ადამიანის ცხოვრებაა. თქვენ გაუთქვით საქართველოს სახელი თქვენი აღზრდილი სპორტსმენებით, თქვენი გაკეთებული საქმეებით. სანამ თქვენ ქართული ჭიდაობის მესვეურთა რიგებში ხართ საქართველოს მუდმივი ვარსკვლავთცვენა ექნება.

  გისურვებთ ჯან-ღონით სავსე ცხოვრებას, სიხარულს, წარმატებას თქვენს საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. სიხარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ.

ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ა/რ მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

დღეს ბორჯომის ხეობაში ტურნირი ჯომარდობაში „აფხაზეთის თასი“ ჩატარდა

ტურნირი ჯომარდობაში „აფხაზეთის თასი" დასრულდა. ტურნირი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევის ჰესთან გაიმართა და მასში მონაწილეობა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, თბილისის ზღვის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების, სოხუმის უნივერსიტეტის, კავკასიის ალიანსის, სამაჩაბლოს და საინგილოს გუნდებმა მიიღო.

ქართველებთან ერთად ჩემპიონატში აფხაზები, ჩეჩნები, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები და ფერეიდნელები მონაწილეობდნენ.

პირველი ადგილის მფლობელი თბილისის ზღვის კომპაქტური ჩასახლების გუნდი „ლომები" გახდა. მეორე ადგილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გუნდმა „ლიახვი 2"-მა აიღო. მესამე ადგილი სოხუმის უნივერსიტეტის გუნდმა „დეპარტამენტი" მოიპოვა. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებსა და გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირი ჯომარდობაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, სპორტის შედარებით ახალი და ექსტრემალური სახეობის განვითარება და პოპულარიზაციაა.

გობელენის მუზეუმში აფხაზეთის ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირის, თბილისის სამხატვრო აკადემიის ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, შარდენის ქუჩაზე გობელენის მუზეუმში აფხაზეთის ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი 14 ბავშვის 40-მდე ნამუშევარი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

ასეთი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, კულტურა, განათლება და სპორტი აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტთაგანია.

„ბატონმა ნუგზარ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთიდან ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების ნამუშევრები ერთადაა თავმოყრილი, რაც საერთო შთაბეჭდილებას უფრო მეტად აძლიერებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი გამოფენაა. მეამაყება, რომ ჩვენი კუთხის შვილებს ასეთი ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, ზნეობრივი ნორმები და საკუთარი ქვეყნის სიყვარული საკუთარ ნახატებში, მხატვრული ორიგინალობით აქვთ გადაწყვეტილი. რად ღირს თუნდაც ეს სურათი, „ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით" და „აქ ჩემი სახლია". მეამაყება, რომ ასეთი ახალგაზრდები მოდიან. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა, როდესაც ბიუჯეტს ადგენდა, ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ კულტურა, განათლება და სპორტი მიიჩნია. დღევანდელი დღე კი იმის დასტურია, რომ არ შევმცდარვართ. ვფიქრობ, ჩვენი ვალია ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხის გამოვლენა და მათი მხარდაჭერა. მადლობა მინდა გადავუხადო მხატვართა კავშირს ამ გამოფენისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი მხატვრების ნიჭი და ტალანტი საზოგადოების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. უღრმესი მადლობა ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილს და მის მეგობრებს, რომელთაც გზა გაუხსნეს წარმატებისკენ ჩვენს ახალგაზრდა მხატვრებს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიას მილოცვა ამერიკელი ხალხისადმი

თქვენო აღმატებულებავ,

  მაქვს პატივი, თქვენ და სრულიად ამერიკელ ხალხს, მოგილოცოთ  ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

  ვუსურვებ თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას, მშვიდობასა და წარმატებებს.

  აფხაზეთის მთავრობა მადლიერების გრძნობით აღნიშნავს თქვენი ქვეყნის თანადგომას საქართველოსადმი და განსაკუთრებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ. ასევე, ფრიად ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების დაუღალავ ძალისხმევას აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებაში.

  პატივცემულო ელჩო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას.

 

  ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი  

მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის ხელშეწყობით აფხაზეთის მთავრობაში შეხვედრა გაიმართა

2 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაისთან საქმიანი შეხვედრა მოეწყო. შეხვედრა „დედათა კომიტეტის" თავმჯდომარის ქეთევან ადამიას ინიციატივითა და მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის ხელშეწყობით გაიმართა.

შეხვედას ესწრებოდნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „HEIFER"-ის დირექტორი გიორგი მურვანიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, სამეფო ოჯახის კანცლერი კახა ქორიძე და სხვა პირები.

სტუმრები გაეცნენ აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში არსებულ პროექტებს, რომლებიც დევნილთა დასაქმებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში, იმერეთში კომპაქტურად ჩასახლებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით ფინანსურ მხარდაჭერასა და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას.

აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „Finsol"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხივრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ.

მოზარდები 2 თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც მათ ესპანელი ხალხის კულტურის გაზიარების, ესპანური ენის შესწავლის, ტოლერანტული, მშვიდობიანი და ჯანსაღი წესით ცხოვრების შესაძლებლობები მიეცემათ.

პროექტი დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება. მონაწილეები გუშინ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის წარმომადგენლებმა და ახლობლებმა გააცილეს. დევნილი მოზარდები საქართველოში 29 აგვისტოს დაბრუნდებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთში მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ.

ჩვენი დროის გმირი – ჯუმბერ ბეთაშვილი

26 ივნისს აფხაზიეთის იუსტიციის დეპარტამენტში შეიკრიბა საზოგადოება, რათა მოეგონებინათ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილი, ჭეშმარიტი ეროვნული გმირი ბატონი ჯუმბერ ბეთაშვილი. 26 ივნისი ბატონი ჯუმბერის საიუბილეო თარიღია. ის 75 წილის გახდებოდა.  საქართველოს ისტორიის ქრონოლოგია გამორჩეულად დახუნძლულია იმ პიროვნებით, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.   ნაღდი თბილისელი, სულით სოხუმელი და ჭეშმარიტად საქართველოს შვილი თავისი შეგნებული ცხოვრების მანილზე მთელი ძალისხმევით ძმათა შორის ხელოვნურად წარმოქმნილი  ნაპრალის შევსებას ცდილობდა.  ჩვენი სამშობლოს წინაშე ბატონი ჯუმბერის მიერ გაწეულ ღვაწლძე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა.  შეხვედრა თბილ ატმოსფეროში მიმდინარეობდა.

საქართველოს ომის ვეტერანთა და ამპუტანტ-ინვალიდთა პირველობა მინი ფეხბურთში დასრულდა

თბილისის მუშტაიდის ბაღში მდებარე „იმედის" საფეხბურთო სტადიონზე საქართველოს ომის ვეტერანთა და ამპუტანტ-ინვალიდთა პირველობა მინი ფეხბურთში ფინალური მატჩით დასრულდა.

ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა და ამპუტანტ-ინვალიდთა გუნდები. მონაწილეთა შორის იყო აფხაზეთის როგორც ვეტერანთა, ისე ამპუტანტ-ინვალიდთა გუნდიც.

ტურნირის გამარჯვებული გუნდი „8 აგვისტო" გახდა, რომლის ფეხბურთელებსაც გამარჯვებულის თასი და ოქროს მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ამპუტანტ-ინვალიდთა გუნდმა მეორე, ხოლო ვეტერანთა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, რისთვისაც მათ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და სამახსოვრო თასები გადაეცათ.

პრიზები ასევე გადაეცა ტურნირის საუკეთესო მეკარეს, ყველაზე ახალგაზრდა და ყველა ასაკოვან ფეხბურთელს.

ჩემპიონატის საზეიმო დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპრატის უფროსი ოთარ გარმელია დაესწრო, რომელმაც აფხაზეთის მთავრობის სპეციალური თასით ტურნირის საუკეთესო მეკარე დააჯილდოვა.

ღონისძიება თბილისის მერიის სპორტის სამსახურის, თბილისის მერიის მასობრივი სპორტის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტის" ორგანიზებით გაიმართა.

სოხუმის თეატრის სპექტაკლ „ნავიგატორის“ პრემიერა გაიმართა

რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორის" სპექტაკლის პრემიერა წარადგინა.

პრემიერას აფხაზეთის  ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კილტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

„ნავიგატორი" 200-ზემეტი ქვეყნის 1000-მდე პიესიდან შეირჩა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსზე მთავარი ჯილდო მიენიჭა. პიესა გასული წლის ზაფხულში BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

სპექტაკლის რეჟისორი დავით საყვარელიძეა, რეჟისორის თანაშემწე სვეტლანა გოგოხია; მონაწილეობენ: ლილი ხურითი, ბადრი ბეგალიშვილი, გიორგი გასვიანი, ნანა ხურითი, ედემ ხვიჩია, ნიკოლოზ წერედიანი, დავით ბერაძე, ბესარიონ ქარჩავა, იზოლდა ბოკუჩავა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამნისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სიმონ მიმინოშვილის დაბადებიდან 100 წლსითავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა

დღეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ცნობილი ოფთალმოლოგის, აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებული ექიმის, სიმონ მიმინოშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილოება მიიღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, მედიცინის მუშაკებმა.

საიუბილეო სხდომა გახსნა აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ლომთათიძემ, საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტირ ჯაიანი. დამსახურებული ექიმი მოიგონეს მისმა მოწაფეებმა და ოჯახის წევრებმა.

სიმონ მიმინოშვილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და გამოგონების ავტორია, მათ შორისაა დღესაც პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული ოფთალმოლოგიური მაკრატელი (მიმინოშილის მაკრატელი). სიმონ მიმინოშვილი დაკრძალულია ქ. სოხუმში.

27 ივნისს დაგეგმილია სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები.

„სიმონ მიმინოშვილი მიეკუთნება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით იძლევიან კეთილშობილების, მეცნიერის მაღალი პასუხისმგებლობის და სამოქალაქო შეგნების მაგალითს. მან თავისი ცხოვრება სანიმუშოდ, ღირსეულად განვლო. ის იყო როგორც სოხუმელებს უყვართ თქმა „კარენნოი სუხუმჩანინ", დაბადებული და გაზრდილი სოხუმში, დიდებულ, ტრადიციულ ოჯახში. სიმონ მიმინოშვილმა და მისმა ძმამ ძალიან დიდი კვალი დატოვეს ზოგადად კულტურულ და, რაღა თქმა უნდა, სამეცნიერო ცხოვრებაში. მედიცინაში, ოფთალმოლოგიის დარგში ბატონი სიმონის დამსახურება დაუფასებელია. იგი ყოველმხრივ განვითარებული პიროვნებაც გახლდათ, მედიცინის შემდეგ მისი ყველაზე დიდი გატაცება პოეზია იყო. მას ძალიან მდიდარი ბიოგრაფია აქვს. სიმონ მიმინოშვილის სამეცნიერო დისერტაცია, რომელიც 1950-60 - იან წლებში დაიცვა, გამორჩეული იყო პრაქტიკულ მასალაზე შემუშავებული დიაგნოსტიკური გამოკვლევებით. აღსანიშნავია, რომ მან ფეხდაფეხ დაიარა ყოველი ოჯახი აფხაზეთში, ყოველი მათგანის ავადმყოფობის ისტორია დაუქვემდებარა გამოწვლილვით კვლევას. სწორედ ამ მასალაზე დაყრდნობით შექმნა ბატონმა სიმონმა თავისი გიგანტური ნაშრომი, რომელიც დღესაც სამაგიდო წიგნია უამრავი ოფთალმოლოგისთვის. სიმონ მიმინოშვილის სახელით დღესაც და მომავალშიც იამაყებს საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. იგი იმ პლეადის ბრწყინვალე წარმომადგენელია, რომლითაც სოხუმელები განსაკუთრებით ამაყობენ. დარწმუნებული ვარ, მისი სახელსა და დაბადების დღეს სოხუმში ფართოდ თუ არა, ვიწრო წრეში მაინც აღნიშნავენ, თბილად მოიხსენიებენ, როგორც მკურნალს, მეცნიერს და ბრწყინვალე დასტაქარს. მისი გონება და სულიერი ენერგიის რესურსი მუდმივად სიკეთის, სიყვარულის და ადამიანების თვალის ჩინის სიმრთელეზე ნაწილდებოდა. აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში არასოდეს დაივიწყებენ მის სახელს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაია გვალიების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს აფხაზეთიდან დევნილ გვალიების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ვახტანგ ყოლბაიამ მოისმინა სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემები, სადაც 7 არასრულწლოვანი იზრდება. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საკვებ პროდუქტებთან ერთად პატარებს სათამაშოები გადასცა. უახლოეს მომავალში აფხაზეთის მთავრობა გვალიების აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარებასაც გამოუყოფს.

გვალიების ოჯახში იმყოფებოდნენ ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია  და წარმომადგენლობის თანამშრომლები.

ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში დევნილებს ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ანგარიში ჩააბარა

დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და მათ ახლახან დასრულებული ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე თავი მოიყარა ზუგდიდში მოქმედმა თითქმის ყველა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მე მათ გავაცანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შედეგები, აფხაზეთში მიმდინარე პასპორტიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. დამისვეს კითხვები ყოველი ჩვენგანისთვის მტკივნეულ საკითხებზე: ემუქრება თუ არა გალის ქართულ მოსახლეობას ტოტალური გამოდევნა საცხოვრებელი ადგილებიდან, რა ბედი ელის აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ჩვენს ტაძრებს. რაღა თქმა უნდა, შევეხეთ უსაფრთხოების პრობლემებს, რაც ამ ბოლო დროს გალის ტერიტორიაზე გახშირებულ გატაცებებსაც უკავშირდება. ბუნებრივია, დაისვა კითხვები ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე - დევნილთა დაბრუნების თაობაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ყოლბაიამ გალის რაიონიდან ქართველების გამოსახლების შესაძლებლობა გამორიცხა და ჟენევის ფორმატის დადებით მომენტებზეც ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთიდან გალის მოსახლეობის არავითარ მასობრივ გამოსახლებას არ უნდა ველოდოთ, ეს უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება პასპორტიზაციის საკითხებს, რა თქმა შესაძლებელია შეიცვალოს აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის დამოკიდებულება გალის ელექტორალური მოსახლეობის მიმართ; რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, ჟენევის ფორმატში ამ თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა სტრუქტურებთან, რომ ამ საკითხისადმი სოხუმსა და თბილისს შორის ერთიანი მიდგომა შემუშავდეს. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, არ არის გამორიცხული ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე რეალური შედეგებიც მივიღოთ", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.