აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მისი ქვეყნის ურყევი პოზიციისათვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, აფხაზეთის საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ესწრებოდა.
29 სექტემბერს, ვერის პარკში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სამინისტროებს შორის მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გამართა.
ტურნირში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროც მონაწილეობდა და მას წარმოადგენდნენ შიდა შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი ფინალისტები ლანა ხიჯაკაძე და გუგა ჭყონია. სამინისტროების ფინალისტებს შორის გამართულ შეჯიბრებებში ლანა ხიჯაკაძემ წარმატებით ითამაშა და მე-2 ადგილი დაიკავა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
დევნილებმა უფასოდ მიიღეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები, ასევე C ჰეპატიტის და შიდსის სკრინინგი.
სპეციალისტებს შორის იყვნენ კლინიკა „ღია გულის“, რუსთავის მედიცინის სახლი - N1 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრისა და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
დევნილებმა უფასოდ მიიღეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები, ასევე C ჰეპატიტის და შიდსის სკრინინგი.
სპეციალისტებს შორის იყვნენ კლინიკა „ღია გულის“, რუსთავის მედიცინის სახლი - N1 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრისა და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი ესწრებოდნენ.
აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა.
დღესვე ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღოლის, დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას მეთაურობით ენგურის ხიდზე მსვლელობა მოეწყო და საქართველოს მთლიანობისთვის პარაკლისი აღევლინა, ხოლო ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
27 სექტემბრის ღამეს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით რუხში, ენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გაიმართა. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ და მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდნენ სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. უწმინდესმა და უნეტარესმა ჯვრის სასწაულმოქმედ ძალაზე იქადაგა და ბოლოს აღნიშნა:
„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. იქ დაღუპული ადამიანების ლოცვა შეეწევა საქართველოს, იმათი ლოცვა გახსნის გზას აფხაზეთისკენ, იმათი ლოცვა აამაღლებს ყველა დაცემულ ადამიანს... და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში!“
წირვას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.
ამავე დღეს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით, 35-მდე მხატვარმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი ერთობლივი მასშტაბური ტილო, სახელწოდებით „გზა ტაძრისაკენ, გზა ამაღლებისაკენ“ შექმნა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა მხატვრებმა ტილოზე სიმბოლურად გამოსახეს აფხაზეთში მდებარე ბედიის ტაძარი, სადაც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III განისვენებს და ამ ტაძრისკენ მიმავალი გზა, რითაც კიდევ ერთხელ გთქვეს: დაცემას ამაღლება მოჰყვება და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში.
წირვის დასრულების შემდეგ მხატვრებმა ფერწერული ტილო „გზა ტაძრისაკენ, გზა ამაღლებისაკენ“ სამების საკურთხეველში ააბრძანეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და ტაძარში მყოფ მრევლს წარუდგინეს.
კინოთეატრ „ამირანში“ რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმის „შინდისი“ პრემიერა გაიმართა. ფილმის საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე დაესწრო.
ფილმში მოთხრობილი ამბავი ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. სიუჟეტი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ვითარდება და ქართველი ჯარისკაცების ოცეულისა და შინდისის მაცხოვრებლების თავგანწირვასა და ადამიანურ ტრაგედიებზე მოგვითხრობს.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში აფხაზეთის ომის ამსახველ ფოტოგამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფის - „აფხაზეთის“ მიერ მოწოდებული, ამერიკელი ფოტოკორესპონდენტების, ლინტონ მალკოლმისა და ჯონ ჯონსის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი 112 ფოტო და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ჯვართამაღლების დღეს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
ჯვარი უფლისა ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვრისა.
გისურვებთ, რომ ჩვენ ყველამ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ და ჯვარი იყოს მფარველი ჩვენი.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, გოლგოთის შემდეგ მას მოელის აღდგომა და ამაღლება. ღმერთმა მოგცეთ ძალა.
დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს. იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში. ჩვენთან არს ღმერთი!“, - იქადაგა ილია მეორემ.
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და მე პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს იმისათვის, რომ დღეს, ჯვართამაღლების დღეს, ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამას; ასევე ეს არის ძალიან ტრაგიკული დღე ჩვენთვის როდესაც ჩვენ მოვიხსენიებთ ჩვენი გმირების სულებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება და ვუსურვო ჩვენს დევნილ საზოგადოებას, აფხაზეთის საზოგადოებას, – გამძლეობა, ჯანმრთელობა და რწმენა“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
წირვის მიმდინარეობისას სამების ტაძრის ეზოში 25 მხატვარმა ფერწერული ტილო „გზა ტაძრისკენ, გზა ამაღლებისკენ“ შექმნეს. მხატვრებმა იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ეკლესიაში მყოფთ წარუდგინეს, ხოლო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა საგალობელი შეასრულეს.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს, ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღეს გმირთა მემორიალთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სოხუმი 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაეცა. გოლგოთის გზაზე შემდგარ აფხაზეთის მოსახლეობას დღემდე არ ტოვებს იმედი, რომ გოლგოთასა და ჯვარცმას... აღდგომა და ამაღლება მოჰყვება. ამგვარი იმედითა და რწმენით მოვიდა აფხაზეთის წართმევის 26-ე წელიც.
შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 27 წლის წინათ, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და მალე ის რუსეთის ღია აგრესიაში გადაიზარდა. ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი, ხოლო აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული გახდა.
ქართველი ერისთვის ამ ტრაგიკულ დღეს აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა. ტრაგედიის 26-ე წლისთავზეც აქ სამძიმარს იღებდნენ ომში დაღუპულთა დედები.
შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გვირგვინებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და საქართველოს მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი სახლმწიფოებრიობის გადარჩენისთვის მებრძოლ და დაღუპულ გმირებს.
დროა წერტილი დავუსვათ ქართველებსა და აფხაზებს შორის გაუცხოებას, უნდობლობას, საფრთხეების იგნორირებას და ვცადოთ საერთო ენის გამონახვა. სტაბილური და პროგრესული ყოფის უზრუნველყოფა ერთობლივ მონდომებას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, მშვიდობიანი დიალოგით ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ ნდობა და გადავჭრათ ყველა საკითხი. დღეს ჩვენი მცდელობები მიმართულია, როგორც დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების მისაღწევად, ასევე აფხაზური იდენტობის და ენის გადაშენების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს, ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ქალაქ ფოთში, სასწავლო ცენტრის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებზე. ასევე, იმსჯელეს სპეციალური კომისიის შექმნაზე, რომელიც იმუშავებს ისეთ საკითხებზე, რაც პორტის სიახლოვეს ჩასახლებულ დევნილებს აწუხებთ.
დევნილებთან შეხვედრაში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა - 2019-ის ფარგლებში დაბა სტეფანწმინდაში სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა. შეჯიბრებები მეკლდეურობაში (კლდეზე ცოცვაში), თანამედროვე სპორტულ მკლავჭიდში და სიმძიმეების აწევაში შედგა. ღონისძიების ინიციატორი იყო ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ,,ჟიული შარტავას საზოგადოება“ და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია, შეჯიბრების ორგანიზატორი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
ჯერ კიდევ შარშან, ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გმირის სახელის უკვდავსაყოფად, ცნობილმა ალპინისტებმა აღმოსავლეთ კავკასიონის ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარე ერთ-ერთი მწვერვალი დალაშქრეს და მას საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა. ეს ინიციატივა - ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გმირის სახელის უკვდავსაყოფად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნოდა, ხოლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და მთამსვლელებმა. წლეულს მთამსვლელები უკვე მეორედ ავიდნენ ამ მწვერვალზე.
დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას ჟიული შარტავას გმირობის მაგალითი და მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ; ვახტანგ ყოლბაიამ, ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა; როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა და სხვ.
როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა: „ჟიული შარტავას მწვერვალს, იმ სიმაღლეს, რომელიც თავად გმირმა დაიპყრო, ამიერიდან ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი. შესაბამისად, ჟიული შარტავას ხსოვნის დღე ამიერიდან მარტოოდენ მისი ხსენების დღე კი არ უნდა იყოს, არამედ ამ დღეს უნდა დაუკავშირდეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენები“. სწორედ ამ კონტექსტში, ამავე ალპინიადის ფარგლებში დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენელთა განცხადება „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ“ (იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში, დღეისათვის საქართველო 4 ნომინაციითაა წარმოდგენილი).
საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტექნოლოგიებისა და ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: გოგი თოფაძემ, ს.ს. ,,ყაზბეგის’’ პრეზიდენტმა, პ/მ ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა; ელდარ ნადირაძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარმა კურატორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა; ნოე ხოზრევანიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის ფაკულტეტის დეკანმა, მეცნიერებათა დოქტორმა და სხვ.
შეკრებას ესწრებოდა ინგუშეთიდან საგანგებოდ ჩამოსული დელეგაცია და შესაბამისად, ხაზგასმულად ითქვა ქართველი და ინგუში ხალხის ისტორიულად განსაკუთრებით თბილ ურთიერთობაზე.
აქვე გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნება - ,,ხრიდოლის“ საჩვენებელი გამოსვლა, ჟიული შარტავას სახელობის მემორიალის - მეკლდეურობაში, თანამედროვე სპორტულ მკლავჭიდში და სიმძიმეების აწევაში - გამარჯვებულთა დაჯილდოება.
დასასრულ სტუმრების მიღება გამართეს გოგი თოფაძემ და შალვა კერესელიძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა.
ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი ღონისძიებები კიდევ რამდენიმე დღე გასტანს.