აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის საჯარო სკოლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რამდენიმე საინტერესო, გასართობი თუ ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება გამართა. ღონისძიებებს ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია. 

ღინისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო როგორც უმცროსკლასელთა ისე უფროსკლასელთა ინტერესები, კერძოდ:
აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების 20 მოზარდი დეკორატიული მცენარეების სანერგე გარდენიას ეწვია. ბავშვებმა მრავალფეროვანი ყვავილებითა და დეკორატიული მცენარეებით მდიდარი ბაღი დაათვალირეს და მათზე საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს, შეხვდნენ გარდენიეს მეპატრონეს ზურა შევარდნაძეს. მათ ასევე ჩაუტარდათ მწვანე გაკვეთილი - ყვავილების მოვლის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა ყვავილები ჩარგეს ქოთნებში, რომლებიც მოხატეს და შემდეგ მათ საჩუქრად გადაეცათ. 

გარდა ამისა, თბილისში განთავსებული ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლისა და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის 30 მოსწავლეს კინოთეატრმა „რუსთაველმა“ უმასპინძლა. კინოთეატრთან ტრადიციული თანამშრომლობით, დევნილმა მოზარდებმა ნახეს ახალი ანიმაციურ-მხატვრული ფილმი „ალისა სარკის მიღმა“, რითაც მათი კიდევ ერთი დღე გახდა უფრო საინტერესო და ხალისიანი. 

უფროსკლასელთა ინტერესების გათვალისწინებით, აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლას, სადაც ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის პროფესორები და მაგისტრატურის სტუდენტები ესტუმრნენ. იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ვეფხვია გვარამია, პროფესორი ლალი გაბისონია, პროფესორი ლაშა გელანტია და მაგისტრატურის სტუდენტები ახალგაზრდებს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. საუბარი დიალოგის ფორმატში წარიმართა - ახალგაზრდები გზადაგზა მოსმენილი საკითხების გარშემო ბჭობდნენ და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.